Steve Jobs

ამა წლის 23 აგვისტოზე ალბათ მხოლოდ ყველაზე ზარმაცი არ ლაპარაკობდა. ეს ის დღეა, როდესაც რეკორდულ დროში დაი-Tweet-ა, Facebook-ის სტატუსში დაიწერა და უმეტესი IT-რესურსის ჰედლაინებში გამოჩნდა სამი სიტყვა, რომლებმაც მილიონობით ადამიანი ჩააგდო შოკში, ყველაზე თავდადებული გულშემატკივრები კი გულდაწყვეტილი და ზოგ შემთხვევაში თვალცრემლიანიც კი დატოვა: „სტივ ჯობსი გადადგა.“

წარმოუდგენლად წარმატებული და ურიცხვი ადამიანისთვის საყვარელი Apple-ის დამფუძნებლის ასეთი ნაბიჯი, მისი პრობლემატური ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავათ, მაინც უეცარი იყო. ბევრისთვის ხომ ჯობსი წარმოადგენდა Apple-ს – სიმბოლოს, როგორც იმ იდეალისტური ხედვის დამნერგავი, რომელმაც ასე განასხვავა კუპერტინოელი ინოვატორების პროდუქცია. მიუხედავათ ამისა, ეს არჩევანი მისი იყო, მიზეზები კი თვითონვე განმარტა გულწრფელ ღია წერილში:

„ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ დადგებოდა დღე, როდესაც საკუთარ მოვალეობებს ვეღარ შევასრულებდი და Apple-ის ლიდერისთვის შესაბამის მოლოდინებს ვეღარ გავამართლებდი, პირველი მე ვაღიარებდი ამას. სამწუხაროდ, ეს დღე დადგა.“

ამ დროისთვის სტივი 56 წლისაა, და მის ანგარიშზეა 34 წელი მისივე დაფუძნებულ კომპანიაში, 313 (!) პატენტი, რომელთა შორისაა ლეგენდარული iPod და ოპერაციული სისტემა Macintosh, და, რისთვისაც ალბათ ყველას გვიყვარს, ქარიზმატული პრეზენტაციები სხვადასხვა კონვენციებზე ცნობილი Keynote ფორმატით. რომ შემოაბიჯებდა ხოლმე, ნახევრად ეშმაკური ღიმილით, თავისებურ შავ სვიტრში და ჯინსებში, პატარა შავი პულტით ხელში დიდი ეკრანის წინ, მთელი აუდიტორია წუთების განმავლობაში უკრავდა ტაშს.

და მიუხედავათ იმისა, რომ ეს ყველაფერი აღარ განმეორდება, მისი შტრიხი კომპანიის მომავალში მაინც დარჩება.

„დიდი სიამოვნებით გავხდები დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე და კოლეგა. რაღათქმაუნდა თუ თვითონ დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს რომ ეს მისაღებია.“

საბჭოს გადაწყვეტილება ალბათ თავითავად ცხადია, მაგრამ ამ უეცარი ნაბიჯის შემდეგ რჩება ერთი ცარიელი ადგილი… პირდაპირი მნიშვნელობით. ვინ შეცვლის სტივს? და აქაც, ზრდილობიანი შემოთავაზების სახით, ჯობსი 99%იან გარანტიას გვაძლევს ახალ კანდიდატზე.

„და ახლა, რაც შეეხება ჩემს შემცვლელს – დიდ რეკომენდაციას ვუწევ ტიმ კუკს.“

Tim Cook

ტიმ კუკი – Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდის ჟამს ჯობსის შემცვლელი იყო, და მის დამსახურებებშია კომპანიის მრავალი შემოსავლიანი კვარტალი, სიას კი აქციების თითქმის 85%-ით ზრდა აგვირგვინებს. მის კომპეტენციაში, როგორც კარგი ბიზნესმენის და კომპანიის წარმართავის, ალბათ ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ აი შეძლებს თუ არა ვინმე სხვა ჯობსის ხედვის სრულიად გაგრძელებას, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.

თვითონ Apple კი ბატონ კუკს არამხოლოდ პატივს სცემს, არამედ სტიმულსაც კი აძლევს – დირექტორთა საბჭო, ხუმრობების გარეშე, კუკს ზუსტად ერთ მილიონ აქციას სთავაზობს, რომლებიც მას გადაეცემა ნახევრებათ 2021 წლამდე, იმ პირობით რომ კუკი პოსტს არ დატოვებს. ცნობისთვის: Apple-ის ერთი მილიონი აქცია, ამ სტატიის დაწერისას, 383 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

პიარ კამპანიაა ეს რომ ხალხმა არ ინერვიულოს და აქციები ისევ არ დაეცნენ, თუ უბრალოდ გულწრფელი ნდობა ახალი ლიდერის მიმართ, ისევ და ისევ, მხოლოდ დროით გაირკვევა – აგერ iPhone 5 თითქმის ოფიციალურად მოგვადგა, მერე iPad 3-ზეც იტყვიან რამეს და შეგვექმნება „ვაშლის“ ახალი მიმართულების ზოგადი წარმოდგენაც.

მანამდე კი დავასრულებ სტატიას, ისევ ჯობსის სიტყვებით, ოპტიმისტურ და ნათელ ნოტაზე.

„კომპანიის ყველაზე ნათელი დღეები ჯერ კიდევ წინაა. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც შევძლებ დავეხმარო საკუთარ კომპანიას სხვა თანამდებობაზე. Apple-ში მრავალი მეგობარი შევიძინე, და ყველას მადლობას გიხდით ჩემთან ერთად მუშაობისთვის ამდენი წლის განმავლობაში.“

პ.ს. ეს კი უბრალოდ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ. ჯობსის გადადგომასთან დაკავშირებით უთვალავმა ფანატმა შექმნა ე.წ. tribute-ები, მაგრამ ეს ალბათ ყველას ჯობნის. სირბილით დახატული Apple-ის ლოგო GPS ნავიგატორზე რაღაც აქამდე არნახულია:

GPS Apple