როგორც ვიცით ქართული IT სეგმენტი არც თუ ისე დიდი ხანია იქმნება მაგრამ საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიიწევს სრულყოფიკენ.. თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მაინც შორსაა. ასეა თუ ისეა თითოული დღე თითოეული სიახლის და განვითარების დღეა და თუკი ამას მომხმარებლებიც უწყობენ ხელს, წარმატებაც არ აყოვნებს..

http://www.ci.yuma.az.us/Images/General/shutterstock_1282280-binPpl.jpg

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ insight.ge-ს მიერ შემუშავებული იდეების კრებული რომელიც მათი და ჩვენი აზრითაც რამდენადმე წაადგება ქართულ IT კომპანიებს.

როგორ შეუძლიათ კომპიუტერების იმპორტიორებს გაზარდონ გაყიდვები?

 

ჩვენი აზრით, ძალიან დიდი მოთხოვნილება შეიძლება იყოს იაფფასიან ნოუთბუქებზე, რომელსაც უფასო უკაბელო ინტერნეტი მოყვება უვადოდ ან გრძელი ვადით.

თუ კომპიუტერების რომელიმე იმპორტიორი მოახერხებს ბაზარზე იაფი ნოუთბუქების შემოტანას და მოელაპარაკება უკაბელო ინტერნეტის ერთ-ერთ პროვაიდერს მიაწოდოს ინტერნეტის მინიმალური პაკეტი ნოუთბუქის მყიდველს და მიმღებიც თვითონ კომპიუტერში ჩაუმონტაჟოს, სავარაუდოდ, ბევრ ასეთ ნოუთბუქს გაყიდის.

თვითონ ინტერნეტ-პროვაიდერისთვისაც ამ პროექტში მონაწილეობა მომგებიანი უნდა იყოს, რადგან იგი სწრაფად გაზრდის კლიენტების რაოდენობას, და თან როცა ამ ადამიანებს პაკეტის მოცულობის გაზრდის სურვილი გაუჩნდებათ, სწორედ ამ კომპანიას ექნება შესაძლებლობა მიაწოდოს მათ უფრო მეტი ინტერნეტი

როგორ შეუძლიათ IT კომპანიებს ტურისტებზე ორიენტირებული პროგრამის დაწერით დამატებითი შემოსავლების მიღება?

 

ჩვენი აზრით კარგი იქნება, თუ IT კომპანიები მოამზადებენ ელექტრონული გიდის მსგავს სპეციალურ პროგრამას ტურისტებისთვის, ჩაწერენ მას IPAQ-ებში და გააქირავებენ აეროპორტში. პროგრამაში დეტალებში უნდა იყოს მოცემული ტურისტებისთვის საჭირო ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მაგ.:

 ქალაქის ქუჩები;
 ისტორიული ძეგლები და მუზეუმები (სად მდებარეობს, რომელი საუკუნისაა, რითია განსაკუთრებული, რისი ნახვა შეიძლება შიგნით და ა.შ.);
 თეატრები, კინოები და კლუბები;
 სკვერები და პარკები;
 სასტუმროები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები;
 ინგლისური ენის მცოდნე ტაქსისტების ტელეფონის ნომრები;
 საინფორმაციო ბიუროს, სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციის ტელეფონის ნომრები და ა.შ.;
დღეს ესეთი ტიპის კომპლექსური გადაწყვეტილება ტურისტებისთვის არ აქვს არცერთ ქართულ IT კომპანიას. არადა ვფიქრობთ, ნებისმიერმა მათგანმა, მაგალითად, თუნდაც UGT-მ, რომ დაწეროს მსგავსი პროგრამა მალევე ამოიღებს დანახარჯებს, როგორც პროგრამაზე, ასევე ტექნიკური საშუალებების (IPAQ-ების) შეძენაზე და საკმაოდ დიდ მოგებასაც მიიღებს.

პირობითად, IPAQ-ის გაქირავების ფასად რომ ავიღოთ დღეში 10 დოლარი, და დავუშვათ რომ ყოველდღიურად მას მოიხმარს 1000 ტურისტი, UGT-ი წელიწადში მიიღებს 3 000 000 დოლარმდე შემოსავალს (ყოველწლიურად საქართველოში მარტო ტურისტული მიზნით, აქ არ შედიან საქმიანი ვიზიტით ჩამოსული ტურისტები, ჩამოდის დაახლოებით 200 000 ადამიანი).


რა შეიძლება გახდეს ინტერნეტ-პროვაიდერების მთავარი პრიორიტეტი?

 

ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარება დღეს ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა ვიდრე ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ან მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების სტიმულირება ზოგადად.

ვისაც ინტერნეტთან აქტიური შეხება აქვს კარგად იცის, რამდენად განუვითარებელია ამ მხრივ ქართული სივრცე. ანუ ადამიანები რომლებიც დღეს უცხო ენებს (როგორც ინგლისურს ისე რუსულს) სათანადოდ ვერ ფლობენ ინტერნეტისგან რაიმე სახის სარგებლის მიღება დღეს ძალიან გაუჭირდებათ. არ არსებობს პროფესიული, ინტერესების სფეროების მიხედვით, ასაკობრივი თუ სხვა ტიპის მსგავსი მომხმარებლებისთვის თემატური რესურსები. მოკლედ მოწყენილობაა ქართულენოვან სივრცეში. ამ პირობებში მასივების, რეგიონების, საშუალო ასაკის მომხმარებლების აქტიური ჩართვის სტიმულირებას დიდი არაფერი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს.

შესაბამისად ვფიქრობთ დროა ინტერნეტ-პროვაიდერებმა ამ საკითხს უფრო მეტი დრო დაუთმონ. ამით გაზრდიან მომხარებლების რიცხვსაც, მათ მიერ ქსელში დახარჯულ დროსაც და რაც მთავარია ინტერნეტის თვითღირებულებასაც შეიმცირებენ. ამისთვის კი საჭიროა, რომ არა მარტო საკუთარი ინტერნეტ პროექტები განავითარონ (რაც ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი ინტერნეტის მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოსაყენებლად) არამედ დაიწყონ აქტიური ძიება საინტერესო ინტერნეტ პროექტების იდეების და აქტიურად შეუწყონ ხელი მათ განვითარებას რათა რაც შეიძლება მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდეს, ბევრი რესურსი შეიქმნას და ქართული სივრცეც მნიშვნელოვნად გააქტიურდეს.

რა შეუძლიათ გააკეთონ IT კომპანიებმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ?

 

ქართული IT კომპანიები სათანადო ყურადღებას რომ უთმობდნენ ამ საკითხს, ახალ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ სახელმწიფო თუ კერძო სექტორების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებაში. ამასთან, დიდ სარგებელს მოუტანდა თვითონ ამ კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ მოძებნონ სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები, დაამუშავონ და დანერგონ რეალობაში.

ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა მოსახლეობის ავადმყოფობის ისტორიების აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

თუ ვინმე დაამუშავებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც იძლევა საშუალებას პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის შესახებ ინფორმაციის შეტანისა და საჭირო ინფორმაციის ამოღებისა, შემდეგ ამ პროგრამულ უზრუნველყოფას დანერგავს სამკურნალო დაწესებულებებში, რომლებიც ერთიან კომპიუტერულ სისტემაში პერმანენტულად შეიტანენ პაციენტის მკურნალობის ისტორიას, ეს საშუალებას მისცემს ნებისმიერ ექიმს, ნებისმიერ პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ნებისმიერ ქალაქში თუ რაიონულ ცენტრში, ინტერნეტის საშუალებით დაათვალიეროს ნებისმიერი ადამიანის ავადმყოფობის ისტორია, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მას დანიშნოს სწორი და ეფექტური მკურნალობა.

ასეთი შესაძლებლობები ბევრია, მთავარია, ვინმემ მუდმივად იფიქროს მათ ძიებასა და რეალობაში გადატანაზე.

მაგალითისთვის, ასეთივე ტიპის შესაძლებლობები შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, ყოფაქცევისა და გაკვეთილებზე დასწრების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, სისხლის სამართლის (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) საქმეების მიმდინარეობის აღრიცხვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.


უფრო კომფორტული ინტერნეტი – როგორ შეუძლია კავკასუს ონლაინს აბონენტების რაოდენობისა და კმაყოფილების ზრდა

 

ვფიქრობთ, შეიძლება კავკასუსისთვის მომგებიანი და აბონენტებისთვის საინტრესო იყოს 24 საათიანი ინტერნეტ პაკეტების შემოღება. იხდი მობილურით რაღაც X თანხას და 24 საათის განმავლობაში ჩაგერთვება შენთვის სასურველი სიჩქარის ინტერნეტი. მაგალითად თუ უბრალოდ გინდა მეილების შემოწმება, ჩართავ 1 ლარიან პაკეტს, თუ გინდა უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ფილმების ან სხვა რამის გადმოწერა, აირჩევ 3 ლარიან პაკეტს, თუ კიდევ უფრო ჩქარი 5 ლარიანს და ა.შ.

ანუ შენ ყიდულობ ინტერნეტს 24 საათის განმავლობაში და არა ერთი თვით. ეს პაკეტი ძალიან მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანებისათვის, ვინც ყოველდღე არ სარგებლობს ინტერნეტით. მათ მიეცემათ შესაძლებლობა ჩართონ ინტერნეტი, როცა დასჭირდებათ და ისეთი სიჩქარის, რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში სჭირდებათ. და არ მოუწევთ ყოველთვე ტყუილად 30, 60 ლარის გადახდა იმის მიუხედავად, სარგებლობენ ინტერნეტით თუ არა.

აქ უბრალოდ მნიშვნელოვანია ფასების ისე დასმა, რომ ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლებს (ვინც თითქმის ყოველდღე სარგებლობს ინტერნეტით) არ უღირდეთ 24 საათიანი პაკეტების შეძენა. საბლოო ჯამში ეს უნდა ჯდებოდეს უფრო ძვირი, ვიდრე ერთ თვიანი პაკეტი. მაგალითად 30 ლარიანი პაკეტის სიჩქარის ინტერნეტი 24 საათის განამვლობაში უნდა ღირდეს 1 ლარზე მეტი, სიტყვაზე 2 ლარი. 24 საათიანი ინტერნეტ პაკეტები საინტერესო უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვინც კვირაში ერთხელ ან ორჯერ სარგებლობს ინტერნეტით.


როგორ შეუძლია UGT დაეხმაროს კომპანიებს გაყიდვებში?

 

თუ იუჯითი გააკეთებს ერთიან CRM-ს რამოდენიმე, მსგავს სეგმენტზე ორიენტირებული კომპანიისათვის და შესთავაზებს მათ იქირაონ ამ სისტემით სარგებლობის უფლება და ამავე დროს თვითონაც შეავსონ მათ ხელში მოხვედრილი ინფორმაცია კლიენტების შესახებ, შეიძლება საკმაოდ კარგი მონაცემთა ბაზა გამოვიდეს კლიენტების, მათი პრეფერენციების, ქცევის თავისებურებების მიხედვით. რომლით სარგებლობაც მით უფრო ძვირი იქნება რაც უფრო მეტი კომპანია იქნება ჩართული ამ სისტემაში.

მსგავსი სისტემები შეიძლება სხვა კორპორატიული გადაწყვეტილებებისთვისაც გაკეთდეს. მათში ჩართვა მოსახერხებელი იქნება ბაზების მუდმივი განახლებადობის გამო.

რა უნდა გააკეთოს გრინნეტმა “მაკის” პროდუქტების გაყიდვების გასაზრდელად?

 

როგორც წესი apple-ის ”მაკის” კომპიუტერები ძვირი ღირს მაღალი ტექნიკური მახასიათებლების და დიზაინის გამო. თანაც მათ მხოლოდ სპეციალური მოხმარებისათვის იყენებენ (მაგ: დიზაინერები, არქიტექტორები და ა.შ.).

თუმცა ვფიქრობთ რომ თავისი დიზაინისა გამო ეს კომპიუტერი შესაძლოა ჩვეულებრივი მუშაობისათვისაც თავისფულად შეიძინოს ხალხმა, თუკი გრინნეტი შეძლებს რომ მაკის კომპიუტერების ქონა პრესტიჟულ ფაქტად აქციოს ანუ მოკლედ რომ ვთქვათ თუ გაქვს მაკის კომპიუტერი ესეიგი მაგარი ტიპი ხარ.

ამისათვის შესაძლოა ბევრი მეთოდების გამოყენება. მაგალითად: მაკის მფლობელთა კლუბის გაკეთება პირველ ეტაპზე ფორუმის ბაზაზე, ასევე მაკის კომპიუტერების მფობელთათვის სპეციალურ პრესტიჟულ ადგილებზე ფასდაკლების პირობების მიღწევა და ა.შ.

ჩვენ ყოველთვის გვაქვს მიდრეკილება ვიყოთ რაღაცით განსხვავებული და თუკი გრინნეტი იმას მიაღწევს რომ მაკის კომპიუტერის ქონა განსხვავებულობას ნიშნავს ვფიქრობთ გაყიდვები საკმაოდ გაეზრდება.

როგორ შეიძლება გახადოს ხელმისაწვდომი კარგი პროგრამული უზრუნველყოფები “UGT”-მ?

 

დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი ძვირად ღირებული პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც შექმნილია მსოფლიოს ცნობილი და მსხვილი მწარმოებლების მიერ, მათ შორის Microsoft-ის, SAP-ის და ა.შ., რაც ბევრი კომპანიისათვის ფუფუნებას წარმოადგენს და არაა ხელმისაწვდომი.

ვფიქრობთ თუკი “UGT” დაიწყებს ამ პროგრამული უზრუნველყოფების ქართული ანალოგების შექმნაზე მუშაობას ძალიან ბევრი კომპანია დაიწყებს მათ დანერგვას და დროთა განმავლობაში როდესაც გემოს გაუგებენ უფრო ადვილად შეიძენენ მათ ძვირიან უცხოურ ანალოგებსაც. ქართული პროგრამები შესაძლოა არ იყოს იგივე ფუნქციონალობის და შესაძლებლობების, მაგრამ მთავარია იაფი იყოდ და ამასთან სასარგებლო ქართული კომპანიების ეფექტურობის გაზრდისათვის. თუკი ეს ასე იქნება ვფიქრობთ ძალიან ბევრი ორგანიზაცია დაინტერესდება ამით.

როგორ შეიძლება კავკასუს ონლაინმა მოაგვაროს პრობლემები?

 

ყველასთვის ცნობილია, რომ კავკასუს ონლაინს პრობლემები ექმნება gelinkთან დაკავშირებით: ყოველ დღე იჭრება ვიღაცასთან ინტერნეტის ხაზი. როგორ შეუძლია კავკასუსს ამის მოგვარება?

ყველაზე კარგი და ძლიერი დამცველი ამ სიტუაციაში ისევ მისი აბონენტები შეიძლება გახდნენ. ხალხი დიდად არ გულშემატკივრობს კავკასუსს, რადგან ის ორიენტირებულია მოგებაზე, ფულზე და ბიზნესზე, და არა ხალხზე, მომხმარებლებზე: აქვთ ძალიან მკაცრი პირობები გადახდის დაგვიანებაზე, ჯარიმებზე, და არ მიდიან კომპრომისზე. ხალხი გრძნობს ამას და შესაბამისად არც პირადი სიმპათია გააჩნია მის მიმართ. ამიტომ კავკასუსმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ იქცეს საზოგადოებაზე მზრუნველ კომპანიად. მან უნდა მოიპოვოს აბონენტების ნდობა და სიყვარული.

რაც შეეხება ჩაჭრების აღკვეთას, შესაძლებელია გაუკეთოს მოტივაცია ბოლო სართულზე მცხოვრებლებს: მისცეს ინტერნეტი უფასოდ. სამაგიეროდ მაცხოვრებლები აღარ აუშვებენ სახურავზე ვანდალებს, როცა ეცოდინებათ, მის ინტერნეტსაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

ასევე ყველა გამოვლენილი დამნაშავის შემთხვევაში კორპუსს 1-3 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტი მიაწოდოს. ასე ხალხის სიყვარულსაც დაიმსახურებს და გაცილებით შემცირდება ხაზების დაზიანებაც,

Comments

comments

4 კომენტარი
  1. ძალიან სასარგებლო რჩევებია, მადლობა გაზიარებისათვის

  2. ძალიან კარგი წინადადებები აქვთ აღებული, მართლა გასათვალისწინებელია, რადგან დღეს დღეისობით არის ყველა პრობლემა რაც აქ არის ნახსენები. მაგრამ ერთი პროგრამისტების ნაკლებობას გავნიცდით რაც ძალიან ცუდია.

  3. საინტერესოა და GPS ნავიგატორზე მსგავსი ნიშნულებით მეც არ ვიტყოდი უარს,კარგი იქნება ქუჩის სახელებიც რომ ქონდეს და ბარ რესტორნების აღმნიშვნელი ლოგოები,არამარტო ბარებზე შესაბამისს დანიშნულების ტიპს შესაბამისი ლოგოტიპი კარგი იქნება არ დაიკარგები 🙂 დიდი სიამოვნები ვიქონიებდი მსგავსს პროგრამას 🙂

  4. ძაან ჭკვიანური აზრებია.ზოგის გათვალისწინება მართლა შეიძლება

კომენტარები დახურულია