News

ინფორმაცია

ინფორმაცია შეიძლება ვუწოდოთ მონაცემს მის მნიშვნელობასთან ერთად. მაგალითად ცალკე აღებული ციფრები 1 7 9 5  არის მხოლოდ მონაცემი და მას არ გააჩნია მნიშვნელობა სანამ ჩვენ არ მივანიჭებთ. თუ შემდგომში დავაკონკრეტებთ რომ ეს არის რიცხვი 1795 და არის თანხის რაოდენობა ჩვენს ანგარიშზე, მოსწავლეების რაოდენობა სკოლაში ან რომელიმე ცნობილი პიროვნების დაბადების წელი, მაშინ ეს მონაცემი შეიძენს მნიშვნელობას და გადაიქცევა ინფორმაციად. მაშასადამე:

ინფორმაცია =  მონაცემი + მნიშვნელობა

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გვასწავლის როგორ შევინახოთ, დავამუშავოთ და გადავცეთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია კომპიუტერის (ანუ გამომთვლელი მანქანის) საშუალებით.

პერსონალური კომპიუტერი

პერსონალური კომპიუტერის იდეა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში განვითარდა და განხორციელდა. იდეის მიხედვით ძველად არსებული დიდი ზომის და მცირე შესაძლებლობების კომპიუტერები უნდა დაპატარავებულიყო, მეტი შესაძლებლობები გასჩენოდა და რაც მთავარია კომფორტული უნდა გამხდარიყო პერსონალური მოხმარებისათვის.

დროთა განმავლობაში პერსონალური კომპიუტერები დაიხვეწა და სხვა და სხვა სახით მოგვევლინა. სტაციონარული კომპიუტერი (პროცესორის ბლოკით და განცალკევებული მონიტორით), ლეპტოპი, ნეთბუქი, პლანშეტური კომპიუტერი იგივე „ტაბლეტი“ (მაგ: iPad), სმარტფონები (iPhone, Android ტელეფონები და სხვ.) – ყველა მათგანი პერსონალური მოხმარებისათვის გათვლილი კომპიუტერებია. თუმცა კლასიკურად დასახელება “პერსონალური კომპიუტერი” (PC) შერჩა სტაციონარული ტიპის დესკტოპ კომპიუტერებს და დღესდღეობით, უმეტესწილად მათ მიმართ გამოიყენება ეს ტერმინი.

ინფორმაცია კომპიუტერში

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს არ შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის ადამიანივით გააზრება. მათი მთავარი ამოცანაა დაემორჩილონ ადამიანის ბრძანებებს და შეასრულონ ადამიანების მიერ მიცემული ინსტრუქციები.

ინფორმაცია პერსონალური კომპიუტერისთვის მხოლოდ და მხოლოდ მონაცემების გროვაა. კომპიუტერებს გააჩნიათ ინფორმაციის შეტანა / გამოტანის, დამუშავების და შენახვის მეთოდები და ინსტრუქციები.

ინფორმაცია კომპიუტერში მუშავდება და ინახება 0-იანების და 1-იანების კომბინაციებით, რასაც მანქანურ კოდს ვუწოდებთ.  მანქანური კოდი ძალიან გავს მორზეს ანბანს (გრძელი და მოკლე სიგნალების კომბინაციით გამოხატულ ანბანს).  ყველაზე მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, კომპიუტერისთვის 1-იანი ნიშნავს მის კონკრეტულ ნაწილში ელექტრული ძაბვის არსებობას, 0-იანი მის არ არსებობას.  კომპიუტერის სხვა და სხვა ნაწილი ძაბვას რთავს და თიშავს გარკვეული პერიოდულობით და კომბინაციებით. შემაერთებელი ხაზების საშუალებით კი ეს ცვალებადი ძაბვა გადაეცემა სხვა ნაწილებსაც, რის შედეგადაც მყარდება ნაწილებს შორის კომუნიკაცია – ანუ მიმდინარეობს მონაცემების მიმოცვლა.

მანქანურ კოდში გამოყენებულ ციფრს რომლის მნიშვნეობა შეიძლება 1 ან 0 იყოს ვუწოდებთ ბიტს (Bit).   თითოეული რიცხვის, ასოს, ფერის და ა.შ. ინფორმაციის ერთეულად ფორმირება კომპიუტერში ხდება ბიტების მეშვეობით. 

რვა ცალი ბიტის კომბინაცია ახვედრებს კომპიუტერს რა სიმბოლო, რიცხვი, ფერი ან სხვა მონაცემი მუშავდება ან ინახება მასში. ამ რვა ბიტიან კომბინაციას ბაიტს (Byte) ვუწოდებთ.

Bit-byte-word

მაგალითად, ასო „გ“  კომპიუტერისთვის „მანქანურ ენაზე“ შეიძლება იყოს 10011110, ასო „ა“ – 011011111 და ა.შ.

რადგან თითოეული ასო კომპიუტერისთვის 8 ცალი ბიტის კომბინაციისგან, ანუ ერთი ბაიტისგან შედგება,  სიტყვა  „გამარჯობა“-ს დასაწერად კომბიუტერს დასჭირდება 9 ცალი ბაიტი, ვინაიდან სიტყვა „გამარჯობა“-ში ცხრა ასოა.

თუ გადავწყვეტთ რომ კომპიუტერში შევინახოთ პოემა „ვეფხისტყაოსანი“, ამისთვის კომპიუტერს ძალიან ბევრი ბაიტებად შეკრული ბიტების შენახვა დაჭირდება.  ერთობლიობაში მათი რაოდენობა შეიძლება ათასებზე, ასი ათასებზე, მილიონებზე და ა.შ. ავიდეს.  ასეთი რაოდენობის ციფრულად შენახული ინფორმაციის დათვლისთვის შემოიღეს ტერმინები რომლებიც ბაიტების რაოდენობას აღნიშნავენ. წარმოგიდგენთ ტერმინების ცხრილს:

1 (KB) კილობაიტი = 1024 ბაიტი

1 (MB) მეგაბაიტი = 1024 (KB) კილობაიტი

1 (GB) გიგაბაიტი = 1024 (MB) მეგაბაიტი

1 (TB) ტერაბაიტი = 1024 (GB) გეგაბაიტი

Comments

comments