– ეს სტატია დაწერილია 2009 წლის იანვრის თვეში და რედაქტირებულია 2014 წლის ივნისის თვეში.


მაშ ასე ჩვენმა ერთერთმა სტუმარმა beka-მ დასვა შეკითხვა – “როგორ შევქმნათ საკუთარი ვებსაიტი?”

იყო დრო როდესაც მეც დამწყები ვიყავი, ძალიან მაინტერესებდა და არ ვიცოდი.. სწორედ მაშინ ერთი მეგობარი ვებმასტერის წყალობით (რომელსაც მართლა “ტვინი შევუჭამე” კითხვებით),  მივაღწიე იმას რომ მივიღე საკმარისი საფუძველი ამ სფეროში განვითარების დასაწყებად. შედეგად კი დღეს უკვე საკუთარ ვებსაიტზე მაქვს პატივი რომ ჩემი ცოდნა სხვასაც გავუზიარო..

 

დღეს საკუთარი ვებსაიტით ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ არ ვამბობ რომ არ შეგიძლია შექმნა ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტი რომელიც  მისი ორიგინალურობით მოიპოვებს უპირატესობას  და ინტერნეტ მომხმარებლების აღიარებას.

არსებობს ათასგვარი ტიპის ვებსაიტი: ბლოგები, კორპორატიული, ელ-მაღაზიები, ე.წ. “ვარეზები”, ბიბლიოთეკები და დირექტორიები, საძიებო სისტემები, პორნოგრაფიული საიტები, ვიდეოპორტალები, მუსიკალური საიტები და ა.შ. სამწუხაროდ ჩამონათვალიდან ქართული ვებ სივრცე ძირითადად ‘წარღვნილია’ ე.წ. “ვარეზებით” და პორნოგრაფიით, თუმცა ალბათ ეს არც მოხდებოდა მომხმარებლების მხრიდან რომ არ არსებოდეს ასეთი ტიპის ინფორმაციაზე მაღალი მოთხოვნა.

მაგრამ ინტერნეტი მარტო საქართველოთი არ შემოისაზღვრება და არსებობს უფრო დიდი, გლობალური ქსელი რომელშიც მილიარდობით ვებვერდია მოქცეული..  ისინიც ასევე ათასობით სხვადასხვა ტიპისაა და დატვირთულია აუარებელი ინფორმაციით რომელიც დღეს ასე საჭიროა.

ეტაპები ვებგვერდის შექმნის პროცესში

როდესაც ქმნი საკუთარ ვებგვერდს იწყებ იმის განსაზრღვრით თუ რა სახის ვებგვერდი იქნება, რა ინფორმაცია განთავსდება მასზე, რა ტიპის ხალხზე იქნება გათვლილი და რა ერქმევა თავად ვებგვერდს. მაგალითად მე როდესაც PCMania-ს შექმნა დავიწყე განვსაზღვრე რომ ჩემი ვებგვერდი იქნებოდა საგანმანათლებლო /შემეცნებითი სახის ვებგვერდი სადაც განვათავსებდი უამრავ ინფორმაციას კომპიუტერული ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ზოგადად ინფორმაციის სამყაროს შესახებ. ჩემი ეს ინტერნეტ პროექტი გათვლილი იქნებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ამ სფეროს სიახლეებით და გამოგონებებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა თავიანთ “პიპიებთან” (პერსონალურ კომპიუტერებთან, რაშიც იგულისხმება – დესკტოპ/ლეპტოპები, ტაბლეტები და სმარტფონები) ყოველდღე კატასროფულად დიდი დროით ურთიერთობენ და ეს უკვე ერთგვარ “მანიაშიც” გადაეზარდათ, ამიტომ ჩემს ვებგვერდსაც დავარქვი სახელი “PC Mania” რაც იშიფრება როგორც “Personal Computer Mania”.

ამის შემდეგ საჭიროა მოიფიქრო საიტის მისამართი (ე.წ. “დომენი”), მაგალითად www.PCMania.ge. სურვილისა და საჭიროების მიხედვით ირჩევ პირველი დონის დომენს ანუ *.ge (საქართველო) *.ru (რუსეთი) *.com (კომერციული) *.net (ქსელები)  *.org (ორგანიზაციები)  *.info (საინფორმაციო) ან სხვა. როგორც ხედავთ ყველა დომენს თავისი შესაბამისი მნიშვნელობა აქვს რომლელთა სრულად ნახვაც შეგიძლია ამ ლინკზე. როგორც წესი   *.com-ი დაახლოებით 5-15 “მარადმწვანე” დოლარი/ წელიწადში, ხოლო  *.ge დომენი 30 ლარი წელიწადში ღირს. დანარჩენი პირველი დონის დომენები ფასები მოცემულია რეგისტრატორების ვებგვერდებზე.

მას შემდეგ რაც დომენს აირჩევ უნდა მოახდინო მისი რეგისტრაცია შესაბამის ადგილას , მაგალითად *.ge-ს “კავკასუს ონლაინის” ოფისში არეგისტრირებენ (სარეგისტრაციო აპლიკაცია ივსება ვებსაიტზე http://www.registration.ge),   *.com-ის და სხვა რამდენიმე დომენის რეგისტრაცია შეგიძლია http://godaddy.com -ზე ან სხვა დომენების სარეგისტრაციო სერვისში.

დომენის არჩევის შემდეგ ირჩევ ე.წ. “ჰოსტინგს” (ვებ სივრცეს) სადაც შენს ვებსაიტს განათავსებ. თუ გაინტერესებს როგორ აარჩიო ჰოსტი (ვებ სივრცის მომწოდებელი კომპანია) იხილე ეს სტატია. წესით დომენის შეძენისას იქვე გთავაზობენ ჰოსტინგსაც რომელსაც ფასის და პირობების მიხედვით არჩევ.

მას შემდეგ რაც გაამზადებ ინტერნეტ სივრცეს და დომენს, იწყებ საიტის განთავსებას ინტერნეტში. იმისათვის რომ შენთვითონ დაწერო შენი საიტის პროგრამული მხარე, ანუ ააწყო საკუთარი საიტის კონსტრუქცია აუცილებლად საჭიროა იცოდე ვებ-პროგრამიერების ენები როგორიცაა HTML, PHP, MySQL და ა.შ.  თუმცა ეს უფრო ისეთ კომპანიებს ან პიროვნებებ სჭირდებათ რომელსაც ესაჭიროებათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ვებსაიტები. ხოლო ჩვენ “ჩვეულებრივი მოკვდავები” ვიყენებთ სხვა ვებ-პროგრამისტების მიერ გამზადებულ ვებგვერდის “კონსტრუქციებს” ანუ სისტემებს რომლებსაც ვებ-სკრიპტები ან “ძრავები” (Enginge) ეწოდება.

ვებ-სკრიპტების ერთერთი სახეობაა СMS (Content Managment System) რომელიც საშუალებას გაძლევს შენს ვებგვერდზე რეგულარულად აწარმოო ინფორმაციის დამატება, ჩასწორება, წაშლა და ა.შ. (ანუ დინამიური კონტენტის მართვა). СMS-ს იყენებს ყველა ჩვენი საყვარელი “ვარეზზე” და სხვა დიდი ვებსაიტები. მათ შორის იმ ვებსაიტზეც რომელზედაც ახლა ამ სტატიას კითხულობ.

არსებობს სხვადასხვა კომპანიებისა და ორგანიზების მიერ შექმნილი СMS-ები რომელთა არჩევანი მრავალფეროვანია, დაწყებული ბლოგის სკრიპტებიდან დამთავრებული ფორუმის სკრიპტებით. იმისდა შესაბამისად თუ შენ რა ტიპის საიტს აკეთებ, ირჩევ სკრიპტს რომელსაც შემდეგ შენს ჰოსტინგზე დააყენებ.

გთავაზობ სხვადასხვა, ბლოგის СMS სკრიპტების ჩამონათვალს: WordPress, DrupalDLE, PHPfusion, PHPnuke, Joomla!  და სხვა. აქედან პოპულარობით სარგებლობს: WordPress, Drupal და Joomla!.

CMS სკრიპტის არჩევის და გადმოწერის შემდეგ იწყებ მის ატვირთვას და ინსტალაციას შენს სერვერზე (ჰოსტინგზე). სერვერის ყველა საჭირო მონაცემებს გაძლევენ მას შემდეგ რაც შეიძენ ჰოსტინგს, რის შემდეგაც გეძლევა სპეციაული FTP (File Transfer Protocol) სერვერი რომელსაც უკავშირდები შენი კომპიუტერით და მასზე ტვირთავ ფაილებს. მას მერე რაც  შენს FTP სერვერზე ატვირთავ შენს მიერ არჩეულ სკრიპტს იწყებ მის ინსტალაციას რომლის სახელმძღვანელო წესით სკრიპტს უნდა მოჰყვეს (როგორც წესი პოპულარულ  СMS ვებ-სკრიპტებს მოყვება ავტომატური ინსტალაციის სიტემა,  მხოლოდ მთავარია მიუთითო სწორი პარამეტრები და მონაცემთა ბაზების და ა.შ. ინსტალაცია თავისით მოხდება). 

სკრიპტის დაყენების შემდეგ შედიხარ შენს ადმინისტრატორის განყოფილებაში და იწყებ საიტის კონფიგურირებას. მას შემდეგ რაც შეარჩევ სასურველ დიზაინს და ა.შ. იწყებ სიახლეების და ზოგადად ინფორმაციის განთავსებას მასზე.

დასასრული..

მართალია ვებსაიტის შექმნის პროცესი ზედაპირულად განვიხილე მაგრამ საერთო ჯამში იმედია პრინციპი გასაგებია. საქმე ძალიან გიადვილდება მაშინ როდესაც ცოტა მაინც იცი ვებ-პროგრამირება და მარტივი სკრიპტების წერა. ასევე საჭიროა პრაქტიკა სერვერებთან მუშაობის ამბავში.

პირდაპირ ზუსტად სწავლება თუ როგორ გააკეთო ვებსაიტი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მათ კი ვისაც არ აქვს შესწავლის დრო და უნდა ძალიან სწრაფად და მარტივად (ზემოთ აღწერილი პროცესების გარეშე) თავისი ვებგვერდი იქონიოს ,შეუძლია გამოიყენოს ცნობილი ონლაინ სერვისები რომლებიც თავიანთ ვებსაიტზე გთავაზობენ საკუთარი გვერდის შექმნას.

მაგალითად შესაძლებელია საკუთარი ბლოგი გახსნა http://wordpress.com-ზე, http://blog.com -ზე ან  http://blogspot.com-ზე (სადაც ადვილად ისწავლი ინფორმაციის მართვას CMS ინტერფეისში). დარეგისტრირებულ საიტს ექნება ამ ფორმატის მისამართი http://სახელი.სერვისისსახელი.პირველიდონისდომენი (მაგალითად http://chemipirveliblogi.wordpress.com).

ხოლო შენ, ვისაც ეს ყველაფერი უფრო მეტ დეტალებში გაინტერესებს, გირჩევ ჩვენი სტატიების ციკლს: საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით!