Civilization 5 - Dualscreen

სიდ მეიერსის ცივილიზაციის თამაშების სერია 1991 წლიდან იღებს სათავეს. თამაშმა ევოლუცია განიცადა პირველი, დღევანდელი გადმოსახედიდან თითქოს პრიმიტიული Civilization-დან (Civ I) კოსმოსურ და არამიწიერ სამყაროს ათვისების მიმართულების Civilization: Beyond Earth-მდე.

ცივილიზაცია სვლაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე მეტად კომპლექსური და საინტერესო სტრატეგიული თამაშია. სვლის განმავლობაში მოთამაშე გეგმავს და მიმართულებას აძლევს განვითარების ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: რელიგია, კულტურა, მრეწველობა, კვება, ჯარის რაოდენობა, მსოფლიო საოცრებებისა თუ სხვა შენობების შენება, მუშახელი, ახალი ქალაქების დაარსება და სხვა.

1996 წელს გამოსულმა ცივილიზაცია II-მა პირველად შექმნა მსგავსი სვლაზე დამყარებული ტიპის რთული სტრატეგიის ონლაინ, სხვა რეალურ მოთამაშეთა წინააღმდეგ კონკურენციისა და ჭიდილის შესაძლებლობა .

დრონი მეფობენ და არა მეფენი

CivilizationWallpaper

შეძლებ კი შექმნა იმპერია რომელიც დროის ქარ-ცეცხლს გაუძლებს?!

 

თამაშის კონცეფცია ერთი ქალაქითა და სკაუტით ან ხელკეტიანი მეომრით ისეთი იმპერიის აშენებაა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. საწყის ეტაპზე ტექნოლოგიური განვითარება იწყება ისეთი ადრეული გამოგონებებით, როგორიცაა: ცხოველთა მოშინაურება, მეთუნუქეობა, წიაღისეულის დამუშავება, ბორბალი, ნაოსნობა, თევზჭერა და დამწერლობა. მოგვიანებით, საინფორმაციო ერაში განვითარების კვალდაკვალ იგონებ: სატელიტებს, ლაზერს, სტელსს, რობოტულ და სხვა მომავლის ტექნოლოგიებს.

ტექნოლოგიურ განვითარებას თან სდევს წარმოების, კულტურის, მეცნიერების, სამხედრო შენაერთებისა და გადაადგილების დახვეწა.

შპიონაჟი თამაშის საკმაოდ საინტერესო მხარეა. ჯაშუშების საშუალებით სხვადასხვა ვერსიებში საშუალება გაქვს მოიპარო მოწინააღმდეგის ტექნოლოგია, აკონტროლო მის მიერ დასახული საწარმოო გეგმები, დაურბიო სტრატეგიული რესურსები, მოწამლო მტრის ქალაქების სასმელი წყალი ან სულაც დაიცვა საკუთარი იმპერია მოწინააღმდეგის ჯაშუშებისგან.

სოციალური და იდეოლოგიური წყობები კულტურული განვითარების კვალ და კვალ იხვეწება. არისტოკრატია, მონარქია, ოლიგარქია, მერიტოკრატია, კოლექტიური მმართველობა, რესპუბლიკა, ორგანიზებული რელიგია, რელიგიური ტოლერანტობა, თეოკრატია, ფილანტროპია, პატრონაჟი, ესთეტიკა, ჰუმანიზმი, რაციონალიზმი, სეკულარიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი, სამოქალაქო საზოგადოება და კულტურული რევოლუცია სხვადასხვა ეპოქაში მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს კონკრეტული იმპერიის გაძლიერებას. თითოეული მათგანის მისაღწევად საჭიროა მიზანმიმართული გრძელვადიანი ნაბიჯები.

ომი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარეა. ცივილიზაცია V-ში IV-თან შედარებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა ომის ტაქტიკური ასპექტი, თუმცა ესეც გემოვნების საკითხია. სრულიად განსხვავებულია ბრძოლები გაშლილ ველსა და ქალაქების დასაპყრობად. მნიშნველოვანია სწორად დაიგეგმოს შეტევის დასაწყებად თუ თავდაცვის მოსამზადებლად მობილიზებული შენაერთების შემადგენლობა მათი დანიშნულების შესაბამისად.

მოკავშირე ქალაქ-სახელმწიფოები გეხმარებიან კულტურის, მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგების, საჯარისო შენაერთების, მოსახლეობის ტოლერანტობის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით იმპერიის განვითარებაში.

Civilization5StrategyScene

გარდა ისტორიის, გეოგრაფიის, სამხედრო საქმის, დიპლომატიის, კულტურისა და სოციალური საკითხების შესწავლის კუთხით ცივილიზაციის თამაშების სერიის ძალიან დადებითი როლისა, იგი ავითარებს სტრატეგიული აზროვნების, ორგანიზების, გრძელვადიანი ხედვისა და სასურველი შედეგის ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის უნარებს. მეტიც, სოციალურ მეცნიერებებში, ინგლისურსა და ნორვეგიულში მოსწავლეთა უნარების გასაძლიერებლად 2012 წელს ცივილიზაცია IV დაინერგა ნორვეგიულ სკოლებში.

რომ არა ცივილიზაცია, მე ბევრად გვიან გავიგებდი მსოფლიო ისეთი ლიდერების შესახებ, როგორებიც იყვნენ: მალის იმპერატორი მანსა მუნსა, ზულუსი შაკა, ინკების პაჩაკუტი, გუსტავ ადოლფი, სონგაის იმპერატორი ასკია და სხვები.

თამაშის სერიების გარშემო უამრავი რამის თქმაა შესაძლებელი რომელსაც ალბათ მომავალ სტატიებშიც შეძლებისდაგვარად განვავრცობთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია Civilization-ის სერიის ამ დროისთვის ბოლო მემკვიდრე Civilization: Beyond Earth რომელის სიუჟეტიც უკვე ჩვენთვის უცნობ მომავლის სამყაროში, ადამიანების მიერ კოლონიზებულ პლანეტებზე ვითარდება. უყურეთ გეიმფლეის განხილვას და აქვე თავად თამაშის სინემატიკურ ტრეილერსაც გიჩვენებთ:

გაგვიზიარეთ კომენტარებში, მოგწონთ ცივილიზაციის სერიები?