quick-nvram-reset-pcmania

ზოგჯერ Mac-საც შეუძლია ‘ცუდად მოქცევა’, რის დროსაც სავარაუდოდ იყენებთ ისეთ ჩვეულებრივ პროცედურებს როგორიცაა დისკების გადამოწმება Disk Utility-ს საშუალებით ან თუნდაც Safe Boot-ით გადატვირთვა (სისტემის ჩატვირთვამდე Shift ღილაკის ხანგრძლივად დაჭერით). თქვენს რეპერტუარს შეგიძლიათ ჩაურთოთ დამატებით რამდენიმე პროცედურა რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ესენია NVRAM-ის (ან PRAM-ის) და SMC დარესეტება (reset).

ვწმენდთ NVRAM-ს (ან PRAM-ს) ანტიბაქტერიული ღილაკებით

ძველ დროში Mac-ის გამოცოცხლებისთვის PRAM-ის დარესეტებას ერთ-ერთი მთავარი როლი ეჭირა სწრაფი შეკეთების მეთოდებში. P ასო მიუთითებს სიტყვაზე Parameter რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას რომ PRAM-ი ინახავდა ოპერატიული მეხსიერების (RAM)-ის პარამეტრებს. თუ ამ პარამეტრებში რამე ვერ იქნებოდა თავის რიგზე კომპიუტერის ჩატვირთვა შეიძლება წარუმატებლად დასრულებულიყო ან სისტემას შეიძლება შეფერხებით ემუშავა. PRAM-ის დარესეტება კი ანულებდა მოცემულ პარამეტრებს და შესაბამისად ასწორებდა არსებულ პრობლემას.

თანამედროვე ‘მაკები’ აღარ იყენებენ PRAM-ს და აქვთ უფრო ნაკლები ინფორმაციით დახუნძლული (ჩამტვირთავი დისკი, ეკრანის რეზოლუცია, დრო და ა.შ.), თითქმის იგივე როლის შემსრულებელი NVRAM (Non-volatile RAM).

NVRAM-ის დაზიანება საკმაოდ იშვიათია, მაგრამ თუ თქვენი Mac-ი ძალიან დიდხანს არკვევს რომელი დისკიდან ჩაიტვირთოს, ან არასწორი რეზოლუციით იტვირთება, ან ხმის პრობლემებია (გაქრა, ვერ რეგულირდება და ა.შ.) ურიგო არ იქნება NVRAM-ის დარესეტება.

ამისათვის მიყვებით სტანდარტულ პროცედურას: გამორთეთ Mac-ი, დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და როგორცკი გაიგონებთ მის საფირმო “ღმუილს” (ჩატვირთვისას გამოცემულ ტონს) დააწექით ღილაკების კომბინაციას Command-Option-P-R. გეჭიროთ სანამ სისტემა თავისით არ გადაიტვირთება და ისევ “დაიღმუვლებს”. შემდეგ აუშვით ღილაკებს ხელი და დაელოდეთ სისტემის ჩატვირთვას. ჩატვირთვის შემდეგ სასურველია გადაამოწმოთ ჩამტვირთავი დისკი, ეკრანის რეზოლუცია, თარიღის და დროის პანელი.

თუ ღილაკების კომბინაციის დაჭერისას ვერაფერი დაინახეთ გარდა ხანგრძლივი ნაცრისფერი ეკრანისა (ლოგოს, პროგრესის ხაზის, “ღმუილის” გარეშე) ნუ ჩავარდებით პანიკაში. შესაძლოა თქვენი კომპიუტერი ვერ არეგისტრირებს ღილაკების დაჭერას რომელიმე USB მოწყობილობის გამო. გამოაერთეთ ყველა მოწყობილობა ზემოთაღნიშნული პორტიდან (გარდა კლავიატურისა), გამორთეთ ბოლომდე მაკი და თავიდან დაიწყეთ პროცედურა. თუ Bluetooth კლავიატურაზე არაფერი გამოვიდა სცადეთ პირდაპირ USB კლავიატურის გამოყენება (რომელსაც სისტემის ჩართვის მერე ისევ ჩაანაცვლებთ).

დავარესეტოთ SMC

კიდევ ერთი რამ რაც კრიტიკულ ინფორმაციას ინახავს თქვენი Mac-ის ჰარდვეარის შესახებ არის System Management Controller (SMC)-ი. ეს არის სქემა რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის მენეჯმენტს, ტემპერატურის მონიტორინგს და გამაგრილებლის კონტროლს (ასევე სტატუსის ნათებას, კლავიატურის ნათებას და სხვა). თუ SMC-იმ სათანადოდ ვერ იმუშავა, შეიძლება გამაგრილებლის პროპელერმა იხმაუროს, სისტემამ შენელებულად იმუშაოს (თუნდაც Activity Monitor-ში არ ჩანდეს პროცესორის მაღალი დატვირთვა), აპლიკაციები ნელა გაეშვა, ბატარეა არასწორად დაიტენოს, სისტემას ქონდეს გაღვიძების პრობლემა და ა.შ. როგორც NVRAM-ის დარესეტება, ასევე SMC-ის დარესეტება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

Apple-ს თქმით სასურველია კონტროლერი არ დაარესეტოთ სანამ სხვა მეთოდებს არ ცდით, როგორიცაა პრობლემატური აპლიკაციების გამორთვა და სისტემის გადატვირთვა. მიუხედავად ამისა კომპანია არ ახსენებს რაიმე ნეგატიურ შედეგს რაც შეიძლება SMC-ის დარესეტებამ გამოიწვიოს.

SMC-ის დარესეტებისთვის საჭიროა გამორთოთ თქვენი Mac-ი. ამის შემდეგ პროცედურა სხვადასხვანაირია Mac-ის ტიპის მიხედვით.

  • დესკტოპ Mac-ი: გამოაერთეთ კვების კაბელი. 15 წამის შემდეგ შეართეთ უკან. დაელოდეთ კიდევ 5 წამი და ჩართეთ Mac-ი.
  • პორტატული Mac-ი (მოხსნადი ელემენტის გარეშე):  შეაერთეთ Mac-ი დამტენით დენის წყაროსთან. დაშენებულ კლავიატურაზე დააწექით ღილაკებს Shitf, Option და Control და მათი აშვების გარეშე დააჭირეთ ჩართვის ღილაკს. აუშვით ღილაკებს და ჩართეთ Mac-ი ჩვეულებრივად.
  • პორტატული Mac-ი (მოხსნადი ელემენტით):  გამოაერთეთ კვების კაბელი და მოხსენით ბატარეა. დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და გეჭიროთ 5 წამის განმავლობაში. დააბრუნეთ ბატარეა და შეაერთეთ კვების კაბელი. ჩართეთ მაკი ჩვეულებრივად.

მიუხედავად იმისა რომ ეს პროცედურები არ იძლევა “განკურნების” გარანტიას, შეიძლება მათ ხელი შეუწყონ გარკვეული პრობლემების მოგვარებას, რაც რამდენიმე წუთიან ცდად ღირს, სანამ სპეციალური მომსახურების ცენტრის (თუნდაც Apple Genius-ის) დახმარებას მიმართავდეთ.

მომზადებულია Macworld-ის მიხედვით.

მოგვწერეთ კომენტარებში, გიცდიათ ეს მეთოდები? დაგეხმარათ პრობლემების მოგვარებაში?

გვესტუმრეთ ჩვენს ფორუმზე და დაგვისვით შეკითხვები თქვენი პრობლემების შესახებ შესაბამის განყოფილებაში.

Comments

comments