Yosemite-Installation-USB-drive

გასულ შემოდგომაზე კომპანია Apple-მა OS X-ის მომხმარებლები სიახლეებით დახუნძლული ახალი ვერსიით, OS X 10.10-ით გაახარა რომელიც იოსემიტის უმშვენიერესი პარკის სახელწოდებას ატარებს. ახალ OS X Yosemite-ში სხვა მრავალ სიახლეებთან ერთად შემოთავაზებული იქნა განახლებული ინტერფეისი (iOS 8-ის სტილში), უფრო მეტად ინტეგრირებული ეკოსისტემა (თქვენი მაკიდან სატელეფონო ზარების განხორციელების და მესიჯების გაგზავნის ფუნქციაც კი) და სხვ. 16 ოქტომბრიდან Mac-ის მომხმარებლებისათვის ოპერაციული სისტემის განახლება  სრულიად უფასოდ, AppStore-იდან გახდა შესაძლებელი.

ინსტალაციის მეთოდები

როგორც ჩანს Yosemite-ის მოხმარებამ უკვე გაასწრო მისი წინამორბედის, Mavericks-ის პროცენტულ მაჩვენებლებს, რაც ნიშნავს რომ სტატიის დაწერის მომენტში უკვე მეტი მომხმარებელი მოიხმარს 10.10 Yosemite ვერსიას ვიდრე 10.9 Mavericks-ს.

საკმაოდ მარტივი პროცედურაა თვითონ სისტემის ინსტალაცია. როგორც უკვე ვახსენეთ მისი წინამორბედი ვერსიების მომხმარებლებს შეუძლიათ AppStore-იდანვე უფასოდ გადმოიწერონ განახლება და მიყვნენ ინსტალაციის ინსტრუქციებს. ხოლო მათ ვისაც უკვე უყენიათ სისტემა და სურთ რეინსტალაცია, შეუძლიათ OS X-ის ჩატვირთვამდე option ღილაკის დიდხანს დაჭერით გამოიტანონ ჩამტვირთავი დისკები და აირჩიონ 10.10 ვერსიის Recovery დისკი, რითაც შეძლებენ გამოიტანონ როგორც რეინსტალაციის ასევე სხვა დამატებითი ინსტრუმენტები.

ამ სტატიაში კი დეტალურად განვიხილავთ Yosemite-ის ინსტალაციას USB დრაივიდან, რაც პირველ რიგში სისტემის ნოლიდან, ანუ სრულად წაშლილი მდგომარეობიდან დაყენებაში დაგვეხმარება. ქვემოთ აღწერილი ინსტალაციის პროცედურა, სხვა მეთოდების გამოყენებისასაც გამოდგება.

USB დისკის მომზადება

ჩამტვირთავი USB დისკის მოსამზადებლად დაგვჭირდება მინიმუმ 8 გეგაბაიტი მოცულობის ფლეშ დრაივი და მომუშავე OS X-იანი კომპიუტერი (სასურველია მინიმუმ 10.9 ვერსიის). ასევე საჭიროა AppStore-დან გადმოწეროთ Yosemite-ის საინსტალაციო ფაილი (გადმოწერის ბოლოს გაეშვება ინსტალერი რომელიც შეგიძლიათ დახუროთ, ვინაიდან ჩვენ USB-იდან ვაპირებთ ნულოვან ინსტალაციას).

ჩამტვირთავი დისკის შესაქმნელად არსებობს თავად Apple-ის მიერ ჩაშენებული ინსტრუმენტი (გრაფიკული ინტერფეისის გარეშე), რომელიც არც ისე რთული მოსახმარია მაგრამ საჭიროებს ტერმინალში ბრძანებების შეყვანას.

თავად პროცესი კი ასე გამოიყურება:

1. ვაერთებთ USB დრაივს კომპიუტერში

2. Disk Utility-ის გამოყენებით (რომელსაც Launchpad-ში, Other ფოლდერში იპოვით) ვაფორმატებთ Mac OS Extended (Journaled) ფორმატში და სახელად ვარქმევთ Yosemite-ს. ამისათვის თავად აპლიკაციაში გადავდივართ Erase ტაბზე. ასევე შეამოწმეთ Partition ტაბი, რომ ნამდვილად ერთ განყოფილებიან დისკს ვქმნით.

3. ვხსნით Terminal აპლიკაციას (იპოვით იმავე ფოლდერში რაშიც Disk Utility-ა)

4. ტერმინალში ვწერთ (კოპირებით და ჩასმით) შემდეგ ბრძანებას:

sudo /Applications/Install\ OS\ X\ Yosemite.app/Contents/Resources/createinstallmedia –volume /Volumes/Yosemite –applicationpath /Applications/Install\ OS\ X\ Yosemite.app

როდესაც ტერმინალი სისტემის მომხმარებლის პაროლს მოგთხოვთ, შეიყვანეთ პაროლი და დაწექით Enter-ს პროცესის დასაწყებად.

ნორმალურ პირობებში ჩამტვირთავი დისკის მომზადებას ნახევარ საათზე ნაკლები დასჭირდება. პროცესის ბოლოს კი მიიღებთ შეტყობინებას რომ პროცესი წარმატებით დასრულდა.

ალტერნატიულ მეთოდად შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაცია DiskMaker X , რომელიც ბევრად მარტივი და ინტუიტიურია.

ინსტალაცია

პირველ რიგში, რა თქმა უნდა ნულოვანი ინსტალაციისას (ვინაიდან ყველაფერს ვშლით) მოგვიწევს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაილების და ფოლდერების რეზერვირება და უსაფრთხოდ შენახვა დამოუკიდებელ მოწყობილობაზე. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თავად OS X-ის Time Machine ან ნებისმიერი სხვა ბექაპის გამკეთებელი პროგრამა. Time Machine-ის გამოყენების შემთხვევაში გაითვალისწინეთ რომ ეს ინსტრუმენტი თქვენს პირად ფაილებთან ერთად ინახავს თქვენს სისტემურ ფაილებს და აპლიკაციებს. თუ შენელებული, დაზიანებული ან დანაგვიანებული სისტემის გამო აკეთებთ ნულოვან რეინსტალაციას და აპლიკაციებიც გსურთ თავიდან დააინსტალიროთ, მაშინ ძველი სისტემური ფაილების შენახვა არ გაწყობთ. მხოლოდ პირადი ფაილების შესანახად და სისტემური ფაილების გამოსატოვებლად გახსენით Time Machine აპლიკაცია, შედით Option-ში და [+] ღილაკის გამოყენებით “Exclude these items from backups” სიაში დაამატეთ შემდეგი ფოლდერები:

Macintosh HD/System (სისტემური ფაილების ფოლდერი)
Macintosh HD/Library (ბიბლიოთეკები)
Macintosh HD/Applications (აპლიკაციები ყველა მომხმარებლისთვის)
Macintosh HD/Users/YourUserName/Applications (აპლიკაციები კონკრეტული მომხარებლისთვის)
Macintosh HD//Users/YourUserName/Library (კონკრეტული მომხმარებლის ბიბლიოთეკა, სადაც ინახება აპლიკაციების ჩანაწერები)

სადაც Macintosh HD – არის თქვენი მთავარი მყარი დისკი და YourUserName – არის თქვენი სისტემის მომხმარებლის სახელი.

შემდეგ ჩვეულებრივად გაუშვით ბექაპის გაკეთების ფუნქცია და აპლიკაცია ზემოთხსენებული ფოლდერების გარდა ყველაფერს შეინახავს.

ყველა მეთოდის შემთხვევაში რეზერვული ასლის გაკეთების შემდეგ დარწმუნდით რომ ყველა ფაილი და ფოლდერი იხსნება სხვა კომპიუტერზეც. განსაკუთრებით კი ყურადღება მიაქციეთ ფოტოების და მუსიკის გადატანას ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში ისინი iPhoto და iTunes-ის ბიბლიოთეკებში ინახება და საჭიროებს სპეციფიურ მოპყრობას, თუმცა Time Machine – ამ დეტალებს დამოუკიდებლად გაართმევს თავს.

ახლა კი დავიწყოთ ინსტალაციის პროცედურა:

1. შეარჭეთ ჩამტვირთავი USB დრაივი და გადატვირთეთ კომპიუტერი.

2. სანამ ძველი სისტემა ჩატვირთვას მოასწრებს დიდხანს დააჭირეთ option ღილაკზე.

3. გამოსულ ჩამტვირთავ დისკებში აირჩიეთ თქვენი USB დრაივი (Install OS X Yosemite)

Yosemite Recovery 4. ვინაიდან გვჭირდება ქარხნული განულება და სუფთა მდგომარეობიდან ინსტალაცია, გამოსულ ფანჯარაში შევდივართ Disk Utility-ში და ჩვენს მთავარ დისკს (ხშირ შემთხვევაში “Macintosh HD”) ვასუფთავებთ Erase ტაბიდან, Mac OS Extended (Journaled) ფორმატში.

5. გასუფთავების შემდეგ გამორთეთ  Disk Utility, მონიშნეთ Install OS X და დააწექით Continue-ს. ამ მომენტიდან ყველაფერი იგივენაირად გრძელდება სხვა მეთოდებით (უბრალოდ აპგრეიდისას ან დრაივის გასუფთავების გარეშე) ინსტალაციის მსურველთათვის.

6. გამოსულ ინსტალერში გააგრძელეთ Continue-თი და დააჭირეთ Agree-ს თუ ეთანხმებით პირობებს. ასევე შეკითხვის შეთხვევაში მონიშნეთ ჩვენს მიერ გასუფთავებული მთავარი ჰარდ დრაივი და განაგრძეთ კვლავ Continue-თი.

Welcome_Screen_Yosemite7. სისტემა დაიწყებს ინსტალაციას და 15-20 წუთის შემდეგ გადაიტვირთება. პირველი ჩართვის შემდეგ კი რამდენიმე მარტივ პროცედურას გაგატარებთ რეგიონის, კლავიატურის და თქვენი ექაუნთის დასაყენებლად. სასურველია ამ დროს შესაყვანად მზად გქონდეთ თქვენი Apple ID და პასვორდი.

სულ ეს არის ინსტალაციის პროცედურა. მისი დასრულების შემდგომ დააბრუნეთ თქვენი პირადი ფაილები რეზერვული ასლიდან (Time Machine-ის შემთხვევაში მარტივად გააკეთეთ Restore-ით აღდგენა) და ჩაწერეთ თქვენთვის საჭირო აპლიკაციები AppStore-იდან ან სხვა საჭირო წყაროდან.

yosemite-desktop-design

მოგვწერეთ კომენტარით როგორ მოგწონთ ახალი Yosemite? რამდენად მარტივი იყო ინსტალაციის პროცედურა თქვენთვის?