ამ სტატიაში ვისაუბრებთ საქართველოში არსებული ფასიანი ჰოსტინგების შესახებ, ვისწავლით როგორ დავარეგისტრიროთ ge დომენი და როგორ მივაბათ შემდგომ ის ჰოსტინგს.

ამ სტატიის წაკითხვამდე რეკომენდირებულია წაიკითხოთ ჯერ ეს სტატიები:

როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი?

საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით

 

რა არის ჰოსტინგი?

ჰოსტინგი არის ინტერნეტ მომსახურება, რომელის დროსაც ჰოსტინგ კომპანიის მიერ თქვენ გამოგეყოფათ ინტერნეტში არსებულ სერვერ-კომპიუტერზე სივრცე და სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტები რათა თქვენ საშუალება გქონდეთ განათავსოთ და მართოთ ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში.ინტერნეტში ჰოსტზე ანუ სერვერ-კომპიუტერზე შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი ინფორმაცია-ფაილი: ვებ საითი, ვებ გვერდი, ტექსტი, ელექტრონული ფოსტა, სურათი, აუდიო ფაილი, ვიდეო ფაილი, მონაცემთა ბაზა და სხვა ნებისმიერი რამ.

ტექსტის წყარო

რატომ აქვს უპირატესობა ფასიან ჰოსტინგებს?

ფასიანი ჰოსტინგები (მითუმეტეს უცხოური) პირდაპირ მისწრებაა ჩვენი ვებგვერდისათვის. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია: ფასიან ჰოსტინგ აქვს ყველა ის მომსახურება რაც საჭიროა ჩვენი ვებ-გვერდისათვის. მაგალითად საქართველოში ფასიანი ჰოსტინგის შეძენისას გვაქვს მინიმუმ შემდეგი უპირატესობები:

  • დიდი ვებ სივრცე საჭირო ფაილების განსათავსებლად
  • შეუზღუდავი ტრეფიკი, ანუ ულიმიტო მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლა მომხმარებელსა და სერვერს შორის
  • შეუზღუდავი MYSQL მონაცემთა ბაზები
  • შეუზღუდავი დომენების რაოდენობა (დაწვრილებით დომენების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ)
  • შეუზღუდავი ქვე დომენების რაოდენობა
  • შეუზღუდავი ელ. ფოსტის რაოდენობა
  • სწრაფი კავშირი ინტერნეტთან და შესაბამისად გვერდის სწრაფად ჩატვირთვა
  • პრობლემატური სიტუაციების შემთხვევაში დახმარების სერვისი

ეს არასრული ჩამონათვალია იმ სერვისებისა რომელიც შეიძლება მივიღოთ ჰოსტინგის შეძენით და არა მისი უფასო ანალოგებით. ამავდროულად თუკი ვიყენებთ უფასო ჰოსტინგს ისინი იტოვებენ უფლებას “ჩააკვეხონ” ნებისმიერი სახის და რაოდენობის რეკლამა ჩვენს საიტზე რაც რათქმაუნდა ცუდად მოქმედებს საიტს რეპუტაციაზე.

რა არის დომენი?

დომენი ჩვენი ვებ-საიტის მოკლე მისამართია. მაგალითად იმ საიტის დომენი რომელზედაც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ არის PCMania.ge

ცხოვრებისეულ მაგალითზე საიტი თუ თქვენი მისაღები ოფისია დომენი მისი მისამართი იქნება.. ხოლო თუ ამ ოფისს დიდი სივრცე და კომფორტი აქვს ესეიგი ჰოსტინგიც სწორად აგირჩევიათ.

ფასიანი და უფასო დომენები:

თუ გადაწყვიტავთ რომ უფასოდ შეიძინოთ დომენი წინასწარ იცოდეთ რომ აქაც “ჩაძეძგილ” რეკლამებთან და სხვა ამდაგვარ პრობლემებთან გექნებათ საქმე. არსებობს ბევრი ვებგვერდი სადაც უფასოდ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ასეთი დომენი. მაგალითისათვის არის საიტი: http://www.tipdots.com/ სადაც შეგიძლიათ შემდეგნაირი მისამართების დარეგისტრირება:

http://www.Your-Name.us.tp
http://www.Your-Name.ca.tp
http://www.Your-Name.au.tp
http://www.Your-Name.com.au.tp
http://www.Your-Name.uk.tp
http://www.Your-Name.co.uk.tp
http://www.Your-Name.me.uk.tp
http://www.Your-Name.org.uk.tp
http://www.Your-Name.fr.tp
http://www.Your-Name.de.tp
და ა.შ.

ასეთი სახის საიტები ბევრია და შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი სერვისი. უბრალოდ მოაძებნინეთ ძია Google-ს : Free Domains და უმალვე გაჩნდება ასეთი საიტების ჩამონათვალი.

ამასობაში კი ვისაც უფრო მაღალი დონის მისამართი ჭირდება და უნდა რომ შეაღოს ინტერნეტ-პრესტიჟის სამყარო, მათთვის სხვა ტიპის დომენები არსებობს:

ძირითადად იყოფა 3 კატეგორიად:

– გლობალური ანუ ზოგადი: *.com, *.org, *.net, *.info, *.biz, …
– სპეციალური: *.mobi, *.tv, *.aero, *.museum, *.travel, …
– ქვეყანაზე დამყარებული: *.us, *.uk, *.ge, *.ru, *.de, *.fr, *.sp, *.it, …

დომენ-ჰოსტინგის ანატომია

საიტის დაფუძნების პროცესი უნდა დაიწყო მისამართის ანუ დომენის (პარალელურად ჰოსტინგისაც გიწევთ) რეგისტრაციით, ამ პროცესში თქვენ ამოწმებთ არის თუ არა თავისუფალი თქვენთვის სასურველი მისამართი (დომენის რეგისტრაციის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ).

მას შემდეგ რაც მისამართს აირჩევთ იწყებთ მის რეგისტრაციას. სხვა სტანდარტულ ველების შევსებასთან ერთად (სახელი, გვარი, ტელეფონი და ა.შ.) არის სპეციფიკური ველები რომლებშიც საიტის არსებობისათვის საჭირო მონაცემებია შესატანი.

ასეთია ns (name server)  ველი რომელშიც უნდა მიუთითოთ თქვენს მიერ არჩეული ჰოსტინგის ns-ები.

ns-ები მოგეცემათ ჰოსტინგის რეგისტრაციისას თუმცა თუ თქვენ უკვე წინასწარ იცით რომელ ჰოსტინგზე უნდა მიაბათ თქვენი დომენი შესაბამისად იმ ჰოსტინგის ns-ები მოცემული იქნება მის საიტზე.

ყველა ველის (ns-ების ჩათვლით) შევსების შემდეგ და დომენის გააქტიურების შემდეგ საჭიროა ჰოსტინგის გააქტიურებაც.

ამისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ჰოსტინგ კომპანიაში და შექმნათ ჩანაწერები თქვენი დომენის შესახებ. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში და აქაც მხოლოდ რამოდენიმე სტანდარტული ველის შევსებაა საჭირო.

ნუ შეგაშინებთ ეს პროცესები, დომენის და ჰოსტინგის რეგისტრაცია ძალიან ადვილია!

მას შემდეგ რაც ჰოსტინგ სერვერზე ჩანაწერები შეიქმნება და დომენიც უკვე აქტიურია თქვენ გაქვთ ის სამუშაო გარემო რომელშიც თავისუფლად შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ საიტის აწყობა.

ამ დროს თქვენს ხელთაა თქვენი FTP (File Transfer Protocol) სერვერი სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია (საიტის ფაილები, სურათები, მუსიკალური ფაილები და ა.შ.)

ამისათვის თქვენ გაქვთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი რათა შეხვიდეთ თქვენს სერვერზე.

მაგალითად თუ რეგისტრირებულია საიტი http://Devi.ge ეს ის მისამართია რომლითაც უნდა მოხდეს საიტის გახსნა და ჩვენება.

მაგრამ გვაქვს კიდევ მეორე მისამართი რომელზედაც უნდა მოხდეს ჩვენს სერვერზე არსებული ფაილების მართვა, ეს არის ჩვენი  FTP სერვერის მისამართი და ჩემს შემთხვევაში ის ასე იქნება:

ftp://Devi.ge რომელზე შესვლის შემდეგაც მე მომეთხოვება სახელი და პაროლი იმისთვის რომ შევიდე სერვერზე და ვნახო მასზე არსებული ფაილები.

ამ ყველაფერს დაწვრილებით მიმოვიხილავთ საიტის შექმნის პროცესში, მანამდე კი დომენი და ჰოსტინგი გვაქ დასარეგისტრირებელი.

დომენის რეგისტრაცია

დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ .ge დომენის რეგისტრაციის პროცესს.

რეგისტრაცია იწყება ონლაინ რეჟიმში საიტიდან:

http://nic.net.ge

ან

http://registration.ge

შევდივართ საიტზე და ვაწვებით რეგისტრაციას, რადგან ჩვენ საკუთარ საიტს ვაკეთებთ და არ წარმოვადგენთ რაიმე ორგანიზაციას ვაწვებით რეგისტრაციას “ფიზიკურ პირთათვის”.

შეგიძლიათ პირდაპირი სარეგისტრაციო ლინკი  გამოიყენოთ:

შეავსეთ ყველა ველი ყურადღებით! რადგან რაიმე პრობლემების შემთხვევაში შემდგომ გაუგებრობაში არ აღმოჩნდეთ და იურიდიულადაც ყველაფერი რიგზე იყოს.

რაც შეეხება ns-ველს, ჩავწერთ იმ ჰოსტიგნის ns-ებს რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. გვექნება 2 ns-ი და ჩაწერისას ორივე მისამართს გამოყოფთ ერთმანეთისგან Enter-ით.

მას შემდეგ რაც ყველა ველს შევავსებთ ვაწვებით ღილაკს “დამატება” და ველოდებით ფორმის ჩატვირთვას.

სასურველია მიღებული ფორმა იქვე ამობეჭდოთ ან შეინახოთ კომპიუტერში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ ჩაემატებით კომპანია კავკასუს ონლაინის მონაცემთა ბაზაში.

დომენის რეგისტრაციის შემდეგ საჭიროა მისი აქტივაცია.

ამისათვის უნდა მიხვიდეთ კომპანია “კავკასუს ონლაინის” ოფისში (ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, რედიქსის შენობაში). საჭიროა თან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

დანარჩენ საქმეს თავად ოპერატორები გაუძღვებიან, განაცხადს გააფორმებენ და 3 დან 5 სამუშაო დღეში თქვენი დომენი აქტიური გახდება. ამის შემდეგ იმეილზე მოგივათ შეტყობინება რომ გადასახდელია 30 ლარი რომელიც წელიწადში ერთხელ უნდა გადაიხადოთ.

სანამ წახვალთ მიმოვიხილოთ რომელი ჰოსტინგი ავირჩიოთ და რა  ns-ები მივუთითოთ შესაბამის ველში.

ჰოსტინგის რეგისტრაცია

დღესდღეობით საქართველოში ჰოსტინგების მომრავლება შეინიშნება.. ფასებიც საშუალო სიძვირისაა და მერყეობს მინიმუმ: 5-10 ლარამდე/თვეში.

გთავაზობთ ქართული ჰოსტინგ კომპანიების მცირედ ჩამონათვალს:

WebService – http://www.webservice.ge/

GE-HOSTING – http://www.ge-hosting.com/geo/

WEBHOSTING.GE – ჰოსტინგი – http://www.webhosting.ge/

პროჰოსტინგი – http://www.prohosting.ge/

Avangard Hosting – http://www.avangardhosting.com

MYHOSTING.GE – http://myhosting.ge

GE-HOST.GE – http://www.ge-host.ge

MyHost.ge – http://myhost.ge/

ActiveCloud – http://activecloud.ge

Serv.Ge – http://serv.ge

მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ რომელიმე მათგანი (რომელიც თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელია და გაწყობთ)  და მასზე მოახდინოთ რეგისტრაცია.

მე ვარეგისტრირებ  Devi.ge-ს,  Serv.Ge-ს ჰოსტინგზე.

1. ამისათვის პირველივე გვერდზე ვირჩევ სასურველ პაკეტს და ვაწვები [შეკვეთა]-ს. განსხვავება მხოლოდ მოცულობასა და ფასებშია.

2. ამის შემდეგ პირველ ველში შემყავს ჩემი დომენური სახელი Devi ხოლო მეორეში დაბოლოება ge.

3. შემდეგ შემყავს გადახდის გეგმა. მე ვირჩევ წლიურს რადგან ფასდაკლებით 2 თვე უფასო ჰოსტინგი მოყვება პაკეტს.

4. ვაწვები [ანგარიშწორებას] და ვავსებ ყველა მოცემულ ველს ყურადღებით.
5. ვირჩევ ანგარიშწორების მეთოდს და  მივყვები მოცემულ ინსტრუქციას.

ახალი დომენის რეგისტრაციის, ან უკვე არსებულის Serv.Ge-ზე გადმოტანის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ შემდეგი NS სერვერები:
ns1.serv.ge
ns2.serv.ge

თუ თქვენ სხვა ჰოსტინგი აირჩიეთ აუცილებლად გაიგეთ მათი  ns-ები და ისინი მიუთითეთ დომენის რეგისტრაციისას.

დღეისათვის სულ ეს იყო, თუ რამე გამომრჩა ან არასწორად დავწერე გთხოვთ შემახსენოთ.

წარმატებულ რეგისტრაციებს გისურვებთ.. შემდეგ გაკვეთილს უკვე საიტის სკრიპტის ატვირთვით და ინსტალაციით დავიწყებთ