უამრავი თამაში არსებობს, სადაც მთავარ მოქმედ პირად ძლევამოსილი რომის იმპერია გვევლინება. ხან რომელი კეისრის სახელით გვიწევს მოქმედება და ხან რომლის. არადა, სინამდვილეში, რომი რომელიმე განვითარებულ ცივილიზაციას სულაც არ დაუნგრევია. იგი ბინძური, ბანჯგვლიანი და გაუნათლებელი ბარბაროსების ჯილა გახდა, რომლებისთვისაც, განვითარებული ხალხებისგან განსხვავებით, რომი ჩვეულებრივი დამპყრობელი გახლდათ, რომელიც, კართაგენის არ იყოს, “აუცილებლად უნდა განადგურდეს”.

გერმანელების ბნელი გენია

ყველამ ვიცით, რომ რომის აშენება ძალზედ ძნელი და შრომატევადი საქმე იყო. თუმცა არც მისი დანგრევა გამოდგა იოლი ამბავი. საუკუნეების მანძილზე, უამრავ ბრძოლაში შეძენილი საომარი გამოცდილებისა და თავდაცვის კარგად გათვლილი ტაქტიკის წყალობით, ეს ქალაქი დიდი ხნის მანძილზე ამართლებდა ზედმეტსახელს “მარადიული”. მაგრამ, ყოველთვის არსებობს “ერთხელ”… და ერთხელაც რომის აუღებლობის მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, რაშიც გარკვეული წვლილი, იმპერიის ეპოქაში გაჩენილმა გარყვნილებამ, ფუფუნებამ და კოლიზეუმის ქვიშაში აზელილმა სისხლმა შეიტანეს.

პირველი აზრი, რაც თამაშთან გაცნობისას თავში მომივიდა, ასეთი იყო: ნამდვილად გერმანელების შექმნილია-მეთქი. არ კმარა, რომ ამხელა ცივილიზაცია დაანგრიეს, ახლა ამ თემაზე ტრაბახიც მოინდომეს. მოგვიანებით გავარკვიე – თამაში მართლაც გერმანული ყოფილა…

თავისუფლება – შეგნებული აუცილებლობა

თქვენს განკარგულებაშია ბარბაროსების სამი რასა: ტევტონები, კელტები და ჰუნები; პლიუს 24 სცენარი (ლეველი), თითოეული მათგანი, ერთი წინგადადგმული ნაბიჯია რომის დამხობის გზაზე. ვერ ვიტყვი, რომ გეიმპლეი სხვა სტრატეგიებისგან დიდად გამოირჩევა, მაგრამ ზოგიერთი თავისებურებანი მაინც გააჩნია.
თქვენი ძლიერება, მკაცრად განსაზღვრული და რუკაზე თვალნათლად აღნიშნული დასახლებაა, რომლის კედლების შიგნითაც სხვადასხვა ტიპის ნაგებობებს ააშენებთ. მთელი “მეურნეობა”, როგორც ყოველთვის, ორ ტიპად იყოფა – ეკონომიკური და სამხედრო. ვინაიდან სამხედრო მეურნეობა ძალიან გამარტივებულია, საუბარს ეკონომიკით დავიწყებ. მართალია, “Against Rome”-ში რესურსების რამოდენიმე სახეობაა: საკვები, ხე-ტყე, ქვა, ოქრო და ცხენები, მიუხედავად ამისა მათი “მენეჯმენტი” დიდ პრობლემებს არ შეგიქმნით. ბევრი თამაშისგან განსხვავებით აქ არ გჭირდებათ “წახვიდე იქ, მოჭრა ეს და მოიტანო აქ”. ყველაფერს რაც გჭირდებათ დასახლების შიგნით იპოვით. ააშენეთ ექვსი ნაგებობა, დასვით მათში თითო-თითო “თავისუფალი ადამიანი” და მორჩა – სოფელი თავისით აშენდება. რესურსების მხრივ შეზღუდვები არ არსებობს. მოკლედ – ცხოვრება საამურია!

სამაგიეროდ გაოცება გამოიწვია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებმა. იმის მაგივრად რომ ქარივით დაუდგრომელი ბარბაროსი ველად გაიჭრას და დედაბუნებაში გაიჯეჯილოს, “თავისუფალ ადამიანი” საერთოდ ვერ გადის დასახლების გარეთ. ეს ნამდვილი აბსურდია. ისმის კითხვა: რომელი “მონობის” წინააღმდეგ იბრძვიან ეს ბარბაროსები? ან იქნებ სხვისი მონობის დამხობას ლამობენ და საკუთარი არაფერში ენაღვლებათ? დასახლებიდან გასვლის ერთადერთი შანსი არსებობს: უნდა შექმნათ ე.წ. “სამოქალაქო” იუნიტი, რომლის ძირითადი საქმიანობა ან ჯარის გამოკვებაა ან კიდევ მეზობელი სოფლების ძარცვა. თუმცა იუნიტებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ჯერ ბარბაროსების ყოფაცხოვრებას დავუბრუნდეთ.

ყველანი კოლექტივში

როგორც იცით, ნებისმიერი ხალხების საფუძველს, ადამიანები შეადგენენ. ისინი არ უნდა აგერიოთ “იუნიტებში”, რომლებშიც საჯარისო რაზმები იგულისხმება. კაცუნების შექმნა საკმაოდ იოლია: აშენებთ საცხოვრებელ სახლს, რითაც აღნიშნავთ, რომ მოსახლეობის ლიმიტი გაიზარდა. ამის შემდეგ მონიშნავთ იმავე სახლს და უკვე კარგად ცნობილ რგოლებსა და ისრებზე აწკაპუნებთ (ანუ ბიჭი და გოგო). სულიერი სიახლოვის იდუმალი პროცესი კადრს მიღმა რჩება, მაგრამ შედეგი რამოდენიმე წამის შემდეგ სახეზეა – ლოყებღაჟღაჟა ვაჟკაცი ან დალალებიანი ქალწული “გამომცხვარია”, თან ორივეს ჯანმრთელობა ნოლზე აქვთ. მაგრამ სუფთა ჰაერისა და ბარბაროსული კერძების წყალობით, მალე მოდიან ჯანზე. ამის გამო, რა თქმა უნდა, თქვენი საკვების მარაგი კლებას იწყებს, მაგრამ საგანგაშო ზღვარს არ უახლოვდება. პრინციპში, საკვების ერთადერთი ფუნქცია, როგორც მე მივხვდი, ჯანმრთელობის აღდგენაა. როგორც კი იუნიტი დასახლების ტერიტორიაზე შედის, მაშინვე იწყებს თვითგამოჯანმრთელებას. ასე რომ, ჰილერული მანიპულაციები არ დაგჭირდებათ, ყველაფერი გონივრულობისა და პრაქტიკულობის ჩარჩოებშია.
სამეურნეო საქმეში, ბარბაროს-ბიჭსა და ბარბაროს-გოგოს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. თავის დანიშნულებას ორივე კარგად ასრულებს, ამით წარმოება არ დაზარალდება.
ახლა კი დროა იუნიტებზეც ვთქვათ ერთი ორი სიტყვა. ცნობილია, რომ ბარბაროსები მარტო არასოდეს იბრძოდნენ, და კოლექტივიზმის განსაკუთრებული მოთხოვნილება ჰქონდათ. ბრძოლის ველზე მთელი რაზმის მართვა მოგიწევთ და არა ერთი ჯარისკაცის (იგივე პრინციპია, მაგალითად, “Total War”-ში). ამასთანავე, ჯარი შეგიძლიათ პატარა რაზმებად დაშალოთ ან პირიქით, პატარა რაზმები ერთ დიდ არმიად გააერთიანოთ. თითოეულ რაზმში 20 კაცია.

რაზმების ფორმირებაც საკმაოდ მარტივია. აქ არ დაგჭირდებათ რამოდენიმე ტიპის ბარაკების აშენება, რათა სხვადასხვა ტიპის მეომარი მიიღოთ. უბრალოდ, ქმნით საჭირო რაოდენობის “თავისუფალ ადამიანს”, ირჩევთ ოფციას “ეკიპირება” (Equip) (სადაც დააკონკრეტებთ ჯარისკაცების რომელი სახეობა გინდათ) და მორჩა. თითოეული იუნიტის ეკიპირება გარკვეული რაოდენობის “აბჯარაღკაზმულობა” და ოქრო დაგიჯდებათ. აქვე, ერთ საინტერესო გარემოებასაც ავღნიშნავ: თამაშში მეომრები სქესობრივი ნიშნითაც განირჩევიან, ანუ არის მეომრის ტიპი, რომელსაც მხოლოდ თავისუფალი მოსახლე-კაცისგან მიიღებთ და ტიპი, რომელიც შეიძლება მხოლოდ მოსახლე-ქალი გახდეს.
აქვე ქურუმებსაც შევეხები. მათი გამოყენება რაიმე განსაკუთრებულ სიამოვნებას ნაღდად არ მოგანიჭებთ, თუმცა ერთი-ორი ეფექტური შესაძლებლობა კი გააჩნიათ. ქურუმს შეუძლია 4 სახის შელოცვა ისწავლოს. ოღონდ ამისთვის, ჯერ ერთი, საჭიროა საკურთხეველის აშენება. ანუ თუ ოთხივე შელოცვა გინდათ, იმავე რაოდენობის საკურთხეველი უნდა ააგოთ. არა და, დასახლება, უზომო ნამდვილად არ არის. თუმცა შენობის შექმნა, მხოლოდ საქმის ერთი ნაწილია, მეორე ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ მსხვერპლ შეწირვები უნდა გააკეთოთ. ამისთვის ამოირჩიეთ ნებისმიერი “თავისუფალი ადამიანი” და აიძულეთ მსხვერპლად შეეწიროს… მართლა ვერ ვხვდები რატომ ჰქვია ამ კაცუნებს “თავისუფალი”. ან იქნებ ეს არის კლასიკური პროპაგანდა პროპაგანდის გამო, რომელსაც ბოლოსდაბოლოს თვითონვე დაიჯერებ? როგორც ამერიკაშია. მოკლედ, მსხვერპლშეწირვის შემდეგ გეზრდებათ მანა, ანუ როგორც აქ ეძახიან “Magic Point”. იგი საკმაოდ მალე დაგეცლებათ, (თან შელოცვის სიძლიერესა და დონესაც აქვს მნიშვნელობა) რის გამოც სულ ახალ-ახალი მსხვერპლების საჭიროება ხდება. ნამდვილი ბარბაროსობაც ამას ჰქვია.

პიროვნების კულტი ისტორიაში

და ბოლოს, ბელადზე შევჩერდები. დავიწყებ იმით რომ, როგორც კი ბელადს მოკლავენ თამაში მთავრდება. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ საკუთარ ბელადს თვალის ჩინივით გაუფრთხილდეთ. ამასთან, ბელადს რამდენიმე ძალიან საჭირო ფუნქციაც გააჩნია, რომელთა გარეშეც “Against rome”-ის დახურვა ძნელი იქნებოდა. ბელადს, ჯანმრთელობის გარდა, აქვს დიდების ხაზიც (glory points), რომელიც გმირული გამარჯვებების მიხედვით იზრდება, ხოლო სამარცხვინო დამარცხებებზე კლებულობს. დაგროვებულ დიდებას ბელადი რამოდენიმე მიმართულებით იყენებს.

ერთერთი მიმართულება რაზმების მოტივაციაა. ყოველ რაზმს მორალის მაჩვენებელი აქვს. როგორც კი იგი ნულამდე დაეცემა, ჯარისკაცები კუდამოძუებული გარბიან და ბელადის დიდებაც, შესაბამისად, იკლებს. ჩემის აზრით, ბელადის დიდების ასეთი სახით ხარჯვა არარაციონალურია. სისულელეა, როცა დიდება იხარჯება მორალზე, მაშინ როცა ეს უკანასკნელი, სრულიად უფასოდ შეგიძლიათ აღადგინოთ დასახლებაში. თან გაუგებარია – რა საჭიროა მისი აღდგენა? იმისთვის, რომ ჯარი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდეს? რათა სულ განადგურდეს? მერედა, ვის რაში სჭირდება ეს?

ვერდიქტი

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ “Against rome” საკმაოდ ნორმალური RTS-ია. ჰიტი მისგან ვერ გამოვიდა, მართალია, მაგრამ თამაში მაინც შეიძლება. რაღაც ასპექტები მოგეწონებათ, რაღაცეები არა. არც თუ ისე ცუდი გრაფიკა, სასიამოვნო მუსიკალური ფონი. შიგადაშიგ რეალიზმის ელემენტებიც გამოერევა ხოლმე.
გულახდილად გეტყვით, თამაშისას არაერთხელ გამიჩნდა სურვილი, რომ რომაელების მხარეზე ვყოფილიყავი, ისინი უფრო ორგანიზებულები და ძლიერები არიან. თან შედარებით უფრო “სერიოზულ ზმანებში იჩითებიან”. თუმცა, თუკი თქვენ იმპერიული აგრესია გაღიზიანებთ, თუკი თვლით რომ დამპყრობლური პოლიტიკა უნდა ამოიძირკვოს, მაშინ შეგიძლიათ თამამად გაუძღვეთ წინ თქვენს ურდოებს რომის გასანადგურებლად. ძირს იმპერია!

წყარო: კომპინფო