ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილი ატმოსფეროში მხუთავი აირების ნაცვლად წყალს გამოუშვებს. ამერიკული ავტოგიგანტის ახალი პროდუქტი ბაზარზე 2012 წლისთვის გამოჩნდება.
ამერიკული საავტომობილო გიგანტი General Motors-ი ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების წარმოებით, ლიდერი კომპანიის სტატუსის მოპოვებას ცდილობს. ახალ ავტომობილებში კომპანია “უსაფრთხო ენერგიას” გამოიყენებს. “იმისთვის, რომ ახალი ტექნოლოგიები დაინერგოს და წარმატებაც მოგვიტანოს, ამისათვის მათი ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველვყოთ.”-აცხადებენ ამერიკულ საავტომობილო გიგანტში.
General Motors-ის ვიცე-პრეზიდენტი ლერი ბერნსი აცხადებს, რომ მისი კომპანია წყალბადის საწვაზე მომუშავე ერთ მილიონ ავტომობილს გამოუშვებს.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ელიზაბეტ ლოუერის თქმით, ელექტრომობილების წარმოება იმ შემთხვევაში იქნება რენტაბელური, თუ ტექნოლოგია განსაზღვრულ დონემდე განვითარდება. “მასობრივ წარმოებამდე საჭირო ტექნოლოგიების განვავითარებაა აუცილებელი. ნებისმიერი ახალი ეკოლოგიური ტექნოლოგია ფართომასშტაბიან სივრცეს მოითხოვს.”-აღნიშნავს ლოუერი.
ამერიკულმა საავტომობილო კონცერნმა პირველი ეკოლოგიური ავტომობილი Chevrolet Equinox-ი შანხაის ავტოსალონში წარმოადგინა. გარდა ამისა, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებასაც უთმობს. მომავალი წლიდან General Motors-ი მსოფლიოში სიდიდით მეორე ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე პირველ ჰიბრიდულ ავტომობილს წარადგენს.