თამაში _ Hilf-Life 2
ჟანრი _ FPS
თამაშის მწარმოებელი _ Valve Software
თამაშის გამომცემელი _ Sierra Entertainment
გამოსვლის თარიღი _ 30.06.2004
რეკომენდირებული მოთხოვნილობები – არაა ცნობილი

ხელი, რომელიც აკვანს არწევს

მაშ ასე, გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. 1998 წლის 30 ნოემბერს, რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ სრულიად უცნობმა კომპანიამ “Valve Software”-მა მსოფლიოში განთქმული კომპანია “Sierra”-ს ფინანსური მხარდაჭერით გამოუშვა ახალი თამაში Half-Life, რომელმაც გამოსვლისთანავე უზომო პოპულარობა მოიპოვა და თავის შემქმნელებს დიდებასთან ერთად უზარმაზარი შემოსავალიც მოუტანა.
რა იყო ამის მიზეზი? გრაფიკა? თამაში Quake-ს იმ დროისთვისაც მოძველებულ გრაფიკულ “დვიჟოკს” იყენებდა, მართალია, “Valve Software”-ის პროგრამისტებმა იგი იმდენად სრულყვეს, რომ “ნახევარდაშლა” სულ სხვა თამაში გამოვიდა. თანაც, რამდენიმე თვით ადრე უკვე შედგა სათამაშო ბიზნესის ისეთი მონსტრის რელიზი, როგორიცაა Unreal-ი. ის კი გრაფიკული თვალსაზრისით ერთი თავით მაინც მაღლა იდგა Half-Life-ზე. მაგრამ სულ მალე დრომ გვიჩვენა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი იქცა თავისი ჟანრის ათვლის წერტილად და, რომ სწორედ 1998 წლის მერე, FPS (First Person Shooter)-ის და საერთოდაც, Action-ის ჟანრის თამაშები ორ ნაწილად დაიყო: Half-Life-მდე და Half-Life-ის მერე.
მაშ, რითი მოხიბლა საზოგადოება ამ ერთი შეხედვით უბრალო თამაშმა. მისი წარმატების მიზეზი მშვენიერ სიუჟეტში, მოულოდნელობებით აღსავსე ატმოსფეროში, მოქმედებების გრიგალისებურ განვითარებაში და ამოცანების არაბანალურ გადაწყვეტაში უნდა ვეძიოთ. Half-Life-მა ჟანრში უბრალოდ არც მეტი, არც ნაკლები რევოლუცია მოახდინა და ზოგადად სათამაშო ბიზნესის სხვა, უფრო მაღალ დონეზე გაყვანა შესძლო. მეორე დაბადება კი მას მაშინ ერგო, როდესაც მისი ქსელური დამატებები გამოვიდა, მათ შორის განსაკუთრებით გამოსარჩევია Half-Life: Counter-Strike, რომელმაც არა მარტო საქართველოს თითქმის ყველა ინტერნეტ-კაფე დაიპყრო, არამედ შავი ჭირივით მოედო მთელ ცივილურ სამყაროს. კანონისდამცველ უცხოეთში თამაშის 8 მილიონი კოპია გაიყიდა დამატებების ჩავთლით, ეს კი ალბათ რაღაცას და ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჰოლივუდის ყველა კანონის მიხედვით Half-Life-ის ისტორიის დახურვა ამ ნოტაზე დიდი სისულელე იქნებოდა, მით უმეტეს პირველი ნაწილის დასასრულიც ნამეტანი ბუნდოვანი ჩანდა და აშკარად გაგრძელებას ითხოვდა.
Half-Life-2-ის ოფიციალური განაცხადი ჯერ კიდევ წინა წლის გაზაფხულზე შედგა. “Valve Software” გეგმის თანახმად იმავე წლის 1 სექტემბერს ჰპირდებოდა საზოგადოებას ახალი თამაშის ოფიციალურ რელიზს, მაგრამ მოხდა გაურკვეველი რამ, ფირმის კომპიუტერებიდან დაუმთავრებელი თამაში მოიპარეს, მანაც ინტერნეტში და შავ ბაზარზე გაჟონა. “Valve Software”-მა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, ყველაფერი კომპიუტერული დაცვის სისუსტეს დააბრალა და თამაშის რელიზი თითქმის ერთი წლით გადადო, მიზეზი _ თამაში დაუსრულებელი არისო. ასე გამოცხადდა ახალი თარიღი _ 2004 წლის 30 ივნისი. ეს თარიღი რამდენად სწორია, ვერ გეტყვით, რამეთუ დღევანდელ კომპიუტერულ სამყაროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, თანაც თამაშების გადადება-გადავადება, რომ კარგი ბიზნესია, არამარტო “BLIZZARD”-მა იცის.
იმ ვერსიის მიხედვით, რამაც ინტერნეტში გაჟონა, ძნელი სათქმელია, თუ რა გამოვა საბოლოოდ, მაგრამ ფაქტია, ეს ვერსია ძალიან შორსაა საბოლოო ბრწყინვალებისგან და “Valve Software”-ის პროგრამისტებს ჯერ კიდევ ბევრი თავსატეხი და პრობლემა დარჩათ გადასაწყვეტი, თუმცა რაც თამაშების უკანასკნელმა გამოფენა “E3”-მა აჩვენა, სავსებით შესაძლებელია, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდეთ შედევრის დაბადების მოწმე. ამავე წლისთვის “Id Software”-ის მიერ ანონსირებული პოტენციური ჰიტი “DOOM3”, ჯერჯერობით ვერც გრაფიკით ბრწყინავს და ვერც სიუჟეტით გვაოცებს, მაგრამ ყველაფერი წლის ბოლოს გაირკვევა. ჩვენ კი მიმდევრობით მივყვეთ.

მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე

წარსულს თანდათანობით ბარდება ის დრო, როცა ყველა თამაშის მიზანი მხოლოდ მოწინააღმდეგის გლობალურ განადგურებას უკავშირდებოდა. ამ ბოლო დროს კი სულ უფრო და უფრო მეტი თამაში გამოდის, რომელსაც არამარტო დამაინტრიგებელი და ერთობ ჩახლართული სიუჟეტი გააჩნია, არამედ მოთამაშისგან სათამაშო დავალებების არატრიავიალურ გადაწყვეტასაც მოითხოვს. Action-ის ჟანრის ერთ-ერთი ასეთი პირველი თამაში სწორედ Half-Life იყო. სავარაუდოა, რომ გამონაკლისი არც მისი გაგრძელება გახდება.
თუ გახსოვთ, Half-Life-1-ის მთავარი პერსონაჟი მეცნიერი გორდონ ფრიმენი იყო (არ აგერიოთ მსახობ მორგან ფრიმენში), რომელიც მაღალი ენერგიების შემსწავლელი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხვდება გასაიდუმლოებულ მიწისქვეშა სამხედრო ბაზაზე სახელად “Black Mesa”. ისე კი, საინტერესოა რომელ სამეცნიერო ინსტიტუში ისწავლება კვანტური ფიზიკის პარალელურად ავტომატური და მძიმე იარაღის გამოყენების ხელოვნება, მაგრამ მოდით ისევ მთავარ თემას დავუბრუნდეთ. შინაარსი ყველამ ვიცით, მცდარი ექსპერიმენტი, გაუგებრობა, ჯარისკაცებთან გართულება, უცხო ორგანიზმები, რომლებიც ჩვენ ერთობ გასტრონომიული ინტერესით გვიყურებენ.
გორდონ ფრიმენი დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ თავს აღწევს ბაზას და ზედაპირზე ამოდის, მაგრამ როცა ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უკვე დამთავრდა, თავზე გვატყდება ერთი საინტერესო სუბიექტი, გასაიდუმლებული აგენტი, პარტიული მეტსახელით G-MEN, რომელიც ან მასზე მუშაობას გვთავაზობს ან…
მეორე Half-Life-ის სიუჟეტი ჯერჯერობით ბნელი ნისლითაა მოცული, მაგრამ რამდენიმე მონახაზი “Valve Software”-მა მაინც გათქვა. გიხაროდენ, მთავარი პერსონაჟი უცვლელია, მეცნიერი, ბედის ნებიერა და უბრალოდ კარგი ბიჭი _ გორდონ ფრიმენი, რომელიც როგორც ჩანს, დაეთანხმა აგენტის წინადადებას (სიკვდილი, აბა ვის ხიბლავს) და ისევ ემზადება მსოფლიოს გადასარჩენად. მოქმედებები პირველი Half-Life-იდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება გასაიდუმლოებულ ქალაქ “17”-ში, რატომ 17 და არა 13, ან 666, დანამდვილებით არ ვიცით. ეს უკანასკნელი უცხოპლანეტელების დედამიწაზე ექსკურსიის მთავარი ღირშესანიშნავი ადგილი გამხდარა, ეტყობა განსაკუთრებით გემრიელი “პროვიანტი” ამ ქალაქში მოიპოვება.
ცნობილია, რომ გორდონს ეყოლება თანამებრძოლებიც, რომელთა შორისაა ალექს ვენსი _ ამავდროულად გორდონის მთელი ცხოვრების ერთდაერთი სიყვარულიც. ალექსის მამა, ელ ვენსი G-MEN-ის დავალებით მუშაობს საიდუმლო სამეცნიერო პროექტზე, რითაც ფრიად დაინტერესებული არიან ძლიერნი ამა ქვეყნისა. ჩვენი დავალებების სიაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ ამ მამა-შვილის დაცვაა უცხოპლანეტელებისა და სამხედროებისგან.
გორდონის ახალი თავგადასავლის დროს ჩვენს ძველ ნაცნობსაც შევხვდებით, ბაზა “Black Mesa”-ს მცველს ბადი კალხუნს, რომელიც საზოგადოებას Half-Life: Blue Shift-იდან ახსოვს. გარდა ამისა, ჩვენი სუპერ გმირის კომპანიონებად თვით უცხოპლანეტელების რაღაც გარკვეული სახეობაც მოიაზრება, მაგრამ საბოლოო რელიზში რა ან ვინ დარჩება, უცნობია. გარდა თანამებრძოლებისა, თამაშში მრავლად შეგვხვდებიან სხვადასხვა ადამიანები თავისი პრობლემებითა და ხასიათებით, რომელთა არა მარტო მართვა, არამედ შეიარაღებაც მოსული ამბავია.
თვით თამაში დაახლოებით 15-ჯერ მეტ ტერიტორიას მოიცავს წინამორბედთან შედარებით. გაცილებით მეტი იქნება გახსნილი სივრცეები, თუმცა კატაკომბებიც მრავლად შეგვხვდება და ციხეებიც. კიდევ ერთი სიახლე _ გორდონს სხვადასხვა გადაადგილების საშუალებების მართვაც მოუწევს.
სიუჟეტი ისევ გამოირჩევა თავისი მთლიანობითა და ჩახლართულობით, მისი ავტორი ხომ ისევ მარკ ლეიდლოუა _ პირველი Half-Life-ს მამა. ასე რომ, რა გამოვა, დრო გვიჩვენებს, მით უმეტესს, რელიზამდე ბევრიც არ დარჩა.

 

სილამაზე გადაარჩენს სამყაროს

თქვა, რომ Half-Life-2-ს ულამაზესი გრაფიკა ექნება, ნიშნავს არაფერი თქვა. რამეთუ თამაში პირველი სკრინებიდან თუ ტრაილერებიდან გაჯადოებს თავისი სილამაზითა და მშვენივრად შექმნილი ატმოსფეროთი. თამაში იყენებს Source-ს გრაფიკულ “დვიჟოკს”, ამ უკანსაკნელზე აქამდე ერთადაერთი თამაში შექმნილა _ Deus Ex: Invisible War, მაგრამ როგორც გამომცემლები ირწმუნებიან, თავის უმაღლეს მწვერვალს Source მეორე Half-Life-ში აღწევს და მას PC-თამაშებისთვის რევოლუციური გრაფიკა ექნება, თუმცა მათ მიერ მოწოდებული მასალის მიხედვით ამ დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით ძალიან ადრეა.
Half-Life-2 ერთ-ერთი იმ თამაშთაგანია, რომელშიც მთავარი გმირის ანიამაციაზე რამდენიმე ათას პოლიგონამდე დაიხარჯება _ საშუალოდ კი 6 000-დან 7 500-მდე, მონსტრებზე 5 000-მდე, ხოლო იარაღზე შედარებით “მცირე” რაოდენობა _ 2 500. ერთდადერთი თამაში, რომელიც მას ამ პარამეტრით უსწრებს, წლის ბოლოსთვის დაგეგმილი “S.T.A.L.K.E.R.: Oblivion Lost”-ია, სადაც რუსი გამომცემლების განცხადების თანახმად, მთავარი გმირის ანიმაციაზე 10 000-მდე პოლიგონი დაიხარჯება.
“Valve Software” ასევე გვპირდება პერსონაჟის მიერ გამოთქმული ბგერების სინქრონიზაციას ტუჩების მოძრაობასთან, თვალის გუგებში გარემომომცველი საგნებისა და სახეების აღბეჭდას. წარმოდგენელი მოდელების მიხედვით სახეები იმდენად შეუფერებლად ფოტორეალისტური ჩანს, რომ სავარაუდოდ, მოცემული პერსონაჟები საუკეთესონი იქნებიან ყველა სხვა თამაშთან შედარებით, რაც კი ოდესმე ადამიანის კომპიუტერულ გენიას შეუქმნია.
ცალკე აღსანიშნავია თამაშის ფიზიკური მოდელიც, იგი იმდენად რეალისტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მეტი სიზუსტე წარმოუგენელიცაა. ასე მაგალითად, თუ თქვენ აძვერით რაიმე ყუთზე, ის შეიძლება კიდევაც ჩაინგრეს თქვენი მასის ზემოქმედებით. თამაშში ყველა ნივთი ძალიან მომხიბვლელად არის დახატული. ასევე მშვენივრად არის შესრულებული შუქჩრდილების თამაში. Half-Life-2-ში თითქმის ყველაფერს შეიძლება შეეხოთ, გამოიყენოთ თუ გაანადგუროთ ამა თუ იმ ხერხით.
თამაშში არსებული სხვადასხვა ეფექტებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას წყალი იპყრობს. ეს უკანასკნელი სუბსტანცია იმდენად რეალისტურად არის გადაწყვეტილი, რომ შეიძლება ხანდახან თავი ბათუმში ან ქობულეთშიც იგრძნოთ. წყლის ფიზიკური თვისებებიც უბრალოდ გასაოცარია. ასე მაგალითად, წყალში რაიმე ხის ობიექტის მოხვედრისას ის კი არ ჩაიძირება, როგორც, მაგალითად რკინის კონტეინერი, არამედ იტივტივებს ზედაპირზე და თანაც არქიმედეს კანონის თანახმად გამოაძევებს უფრო ნაკლები რაოდენობის წყალს, ვიდრე მასზე უფრო მძიმე სხეული. ცალკე გამოსაყოფია წყლის ქვეშიდან დანახული სამყაროს რეალურობა და მზის სინათლის გარდატეხა ჰაერის და წყლის საზღვარზე.
საინტერესოა, თუ რა რეკომენდირებული კონფიგურაცია ექნება მომავალ თამაშს. ეს “Valve Software”-ს საზოგადოებისათვის ჯერ არ გამოუცხადებია. მაგრამ ფაქტია, ზემოთ ნახსენები მთელი რიგი სილამაზეებით დატკბობისთვის აუცილებელი იქნება როგორც საკმაოდ ძლიერი კომპიუტერის, ასევე Direct 9.0-ზე ოპტიმიზირებული ვიდეოადაპტერის ქონაც. “Valve Software” ამავდროულად იმასაც ჰპირდება საზოგადოებას, რომ მათი შვილობილი უფრო სუსტ და მოძველებულ მანქანებზეც იმუშავებს, ამის მაგალითად, აშკარად პირველი Half-Life გამოდგება, რომელიც მე პირველ პენტიუმზეც მითამაშია, თუმცა თამაშს რეკომენდირებული კონფიგურაცია ბევრად უფრო მაღალი ჰქონდა.

ღმერთმა შექმნა ადამიანები. იარაღმა ისინი გაათანაბრა.

ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად ადამიანმა დაკარგა ბრჭყალები, ეშვები და ყველაფერი ის, რაც მას ველურ ბუნებასთან აერთიანებდა და რისი საშუალებითაც თავის საკვებს მოიპოვებდა. იმისთვის, რომ ადამიანი ისევ ველურ ბუნებას დაბრუნებოდა, მან მოიფიქრა სხვადასხვა ტიპის იარაღი, პრიმიტიული ხელშუბებით დაწყებული ატომური იარაღით დამთავრებული, რომელმაც იგი სამყაროს მეფე გახადა. მომავალში ადამიანი მამა აბრამის ბატკანი, რომ არ იქნება, Half-Life-2-დანაც სჩანს. გორდონ ფრიმენის არსენალიც გამონაკლისი ნამდვილად არაა და არც პაციფისტური პრინციპებით გამოირჩევა.
პირველი Half-Life-ის შეირაღებიდან ნაკლები რამ შემორჩა: გელა (მონტიროვკა), პისტოლეტი, ავტომატი ყუმბარტყორცნით და ბაზუკა. პირველი ზუსტად იგივე ფორმისაა, თუმცა დანარჩენმა იარაღმა სახეც იცვალა და პოლიგონების სიმრავლითაც გაახარებს მათ მოყვარულებს. იარაღები იგივე პრინციპითაა “ჩამოკიდებული”, ანუ ერთიანზე ზის მონტიროვკა, ორიანზე პისტოლეტი, სამიანზე ავტომატი, მასზევე დამატებულია კიდევ ერთი ავტომატი და სნაიპერული შაშხანა AR2, ოთხიანს მიკუთვნებული აქვს ბაზუკა, რომლის ჭურვები ამიერიდან არამარტო მართვადი, არამედ გონიერიცაა და თვითონ მიჰყვება მოწინააღმდეგეს. ოთხიანზევეა განლაგებული ყუმბარები. ეს უკანასკნელნი ახალ თამაშში დაახლოებით ათეული სხვადასხვა ტიპის იქნება. ხუთიანზე ზის უცხოპლანეტური ტექნოლოგიებით დამზადებული განსხვავებული სახის იარაღი. მათ შორისაა Tau Cannon-ი, Zero Point Gun-ი და Physgun-ი. თუ პირველი ორი განსხვავებული ფერის და ხასიათის მომაკვდინებელ სხივებს ისვრის, მესამე კარდინალურად განსხვავებულია არ მხოლოდ მათგან, არამედ მთელი არსენალისგანაც მთლიანობაში, რამეთუ Physgun-ის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ გრავიტაცია დაიმორჩილოთ, მაგალითად ჰაერში ასწიოთ ადამიანები, სხვადასხვა ტიპის მანქანები თუ ნაგებობები (გულითადი მოკითხვა ყველა ჯედაის). თანაც ნიუტონის მსოფლიოს გრავიტაციის კანონიც არ ირღვევა: რაც უფრო შორსაა მოცემული სხეული Physgun-ისგან, მით უფრო სუსტდება ამ უკანასკნელის ძალა და მით უფრო მეტი ენერგია იხარჯება მოცემულ პროცესზე. სხვათაშორის იარაღის ასეთი, დღეს უკვე ყველასთვის ნაცნობი კლავიშების მიხედვით განაწილება Half-Life-1-მა პირველად შემოიღო სათამაშო ბიზნესში და ჟანრში გარდა ამისა, მართვადი და ცოცხალი ჭურვების მცნებაც დაამკვიდრა.

მოკალი მტერი შენი!

თუ წარმოდგენის დროს კედელზე იარაღი ჰკიდია, ბოლოს ის აუცილებლად გაისვრის. რატომ წარმოდგენის ბოლოს და არა დასაწყისში, კლასიკოსმა ეს აშკარად არ იცის. ალბათ იმიტომ, რომ მის დროს Half-Life არ არსებობდა. ახალ თამაშში ჩვენს მონა-მორჩილს თავისი მრავალსახოვანი არსენალის გამოყენება მარჯვნივ და მარცხნივ დასაწყისისთანავე მოუწევს, რამეთუ “City-17”-ში უცხოპლანეტელებზე სანადირო სეზონი არის გამოცხადებული, ალბათ მათი მთლიანი განადგურების თუ არა პოპულაციის შემცირების მიზნით მაინც თამაშის დამთავრების შემდეგ კი აშკარად აუცილებელი გახდება სპეციალური წითელი წიგნის შედგენა, თუ კი დარჩა ვინმე ამის გამკეთებელი. მონსტრების სახეობების რაოდენობა რამდენიმე ათეულით განისაზღვრება, რამდენიმე მათგანის აღწერას კი ქვემოთ შემოგთავაზებთ:
Ant Lion _ ითარგმნება როგორც ჭიანჭველათა ლომი. ესენი დიდი ზომის ხოჭოებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ჭიანჭველებს. გამოირჩევიან ჯანმრთელობითა და სიავით, გააჩნიათ კოლექტიური აზროვნება. ჩამოთვლილ თვისებათა გამო, მე შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ ბავშვობაში თამაშის გამომცემლები ბიოლოგიის გაკვეთილებზე სიარულის მაგივრად ჩუმ-ჩუმად პროგრამირებას სწავლობდნენ და თანაც პოლ ვერხოვენის ფილმიც “ვარსკვლავთ დესანტი” არაერთხელ ნახეს.
Head Crab _ პატარა ზომის, ბოსხის მხატვრობის შედეგად დეფორმირებულ წიწილას უფრო ჰგავს, ვიდრე მონსტრს, მაგრამ ხშირად ყველაფერი ხომ ზომით არ განისაზღვრება. მცირე, უტვინო არსებები დიდ სიჩქარესაც ანვითარებენ და კარგადაც ხტუნაობენ, ამიტომაც ძალიან სახიფათოები არიან, როცა შემოგახტებიან, ერთი სული აქვთ ჩაგასონ თავისი საცეცები და ზომბად გაქციონ.
Alien Grunt _ შუა საუკუნეების ჯვაროსან რაინდს უფრო წააგავს, ვიდრე ჯოჯოხეთის მაშხალას. შუა ტანიდან ეზრდება სპეციალური საცეცი, რომლის საშუალებითაც მართვად ჭურვებს ისვრის.
Chum Toad _ გამოიყენება თავისი თანამემამულეების მიერ საკვების სახით. სრულიად უტვინო არსებაა, მისი სატყუარას სახითაც შეიძლება ხმარება უფრო დიდ ურჩხულებზე ნადირობისას.
Killer sfera _ მექანიკური მკვლელი სფერო, რომელიც დენს ურტყავს მოწინააღმდეგეს. განსაკუთრებულად საშიშია, რამეთუ მრავლობითი რიცხვით უტევენ და მათი შეჩერება არც თუ ისე ადვილი საქმეა.
თამაშში ჩვენი ძველი ნაცნობები _ ელიტური საჯარისო ფორმირებების წარმომადგენლებიც შეგხვდებიან. საერთოდ კი გამომცემლები არაჩვეულებრივად ძლიერ კომპიუტერულ A.I.-ს (Artificial Intelligence) გვპირდებიან.
გინდა მეტი იცოდე, ელოდე თამაშს!

 

ბოლოში ერთიღა დარჩება

შედგება თუ არა რევოლუცია სათამაშო ბიზნესში Half-Life-2-ის გამოსვლით ან კიდევ ერთ ძალიან კარგ FPS-ს მივიღებთ, ჯერ უცნობია. რელიზი ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს. ერთი კია, ალბათ, გახსოვთ, როგორი მოუთმენლობით ველოდით “მატრიცა-2”-ის ან “ვარსკვლავეთის ომები: მეორე ეპიზოდის” გამოსვლას და როგორი სიყვარულით ვათვალიერებდით მომავალი ფილმების კადრებს. რა მივიღეთ, მშვენიერი გრაფიკითა და სპეცეფექტებით შეკმაზული მომდევნო, უსულო ბლოკბასტერები პოპ-კორნისა და MTV-ის თაობისათვის. იმედია, რომ Half-Life-2-იც ამ უკანასკნელ ჩავარდნათა რიცხვს არ შეურთდება.

ჟურნალი “კომპინფო”
http://compinfo.ge