ეს უკვე მერამდენედ წავაწყდი განცხადებებსა თუ სხვადასხვა ტექსტებში ასეთ შეცდომებს “ოპერატიული სისტემა”, “ოპერაციული მეხსიერება” და ა.შ. როგორც ხედავთ ქართველ კომპ-მომხმარებლებს ხშირად ეშლებათ “ც” და “ტ” ერთმანეთში და საერთო ჯამში არასწორი წინადადება გამოსდით. ამასობაში კი შეცდომით ნათქვამი ტერმინები ნელნელა მკვიდრდება ახალბედა მომხმარებლებშიც და შემდგომში უფრო ხშირად ხდება მათი გამოყენება. მოკლედ ამ პოსტის მიზანია ავუხსნათ ასეთი შეცდომების მოყვარულ ადამიანებს რატომ არის სწორი  “ოპერაციული სისტემა” და “ოპერატიული მეხსიერება” და არა პირიქით.

ოპერაციული სისტემა

დავიწყოთ ოპერაციული სისტემით. ამ ქართულ ტექნიკურ ტერმინს საფუძვლად უდევს ინგლისური “OS” an ” O/S” რაც აბრევიატურაა და ნიშნავს Operating System – ქართულად “ოპერაციული სისტემა”.

რა არის ოპერაციული სისტემა?

უფრო გასაგები რომ იყოს რატომ უნდა ვიხმაროთ ტერმინი “ოპერაციული სისტემა” შევეცდები ზოგადად ჩამოვაყალიბო მისი ცნება/ ოპერაციული სისტემა ეს არის კომპიუტერის მთავარი პროგრამული ნაწილი რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამებს (Software), კომპიუტერის ნაწილებსა (Hardware) და მომხარებელს შორის. იგი გვაძლევს საშუალებას ვიმუშავოთ სხვადასხვა ფაილებთან და საქაღალდეებთან, მოვახდინოთ ინფორმაციის შეტანა გამოტანა, დავუკავშირდეთ ქსელს და უამრავი სხვა მოქმედება შევასრულოთ. ყველა ეს მოქმედება (ფაილებთან მუშაობა, ინფორმაციის შეტანა გამოტანა და ა.შ.) გარკვეული ოპერაციაა. მაშასადამე ჩვენ ვიყენებთ “ოპერაციულ სისტემას”.

ოპერატიული მეხსიერება

ნებისმიერი პროგრამა თუ ოპერაციული სისტემა, სამუშაოდ საჭირო ფაილებს და ინფორმაციას დროებით ტვირთავს ოპერატიულ მეხსიერებაში. როდესაც პროგრამას გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად სასწრაფოდ დასჭირდება რაიმე ინფორმაცია, იგი მყარ დისკზე აღარ დაიწყებს მის ძებნას და სწრაფად (ოპერატიულად) ამოიღებს ოპერატიული მეხსიერებიდან. ოპერატიული მეხსიერება გაცილებით სწრაფია ჩვეულებრივ მუდმივ მეხსიერებასთან (ე.წ. მყარ დისკთან) შედარებით. სწორედ აქედან წარმოსდგება მისი სახელი. იგი სწრაფია ანუ ოპერატიულია და ამავდროულად მისი დანიშნულებაა ინფორმაციის დროებით დამახსოვრებაა. საერთო ჯამში კი გამოდის რომ ის “ოპერატიული მეხსიერებაა”.