Internet Explorer 7-ს ახალი ტიპის უსაფრთხოების სერთიფიკატების Extended Validation Secure Sockets Layer (EV SSL) მხარდაჭერა ექნება. თუ საიტი, რომელზეც მომხმარებელი გადაწყვეტს შესვლას, ავთენტურობის დასადასტურებლად EV SSL ტიპის სერთიფიკატს გამოიყენებს, პროგრამის მისამართის ველი გამწვანდება.
ამასთან ერთად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია სერთიფიკატის მფლობელი ორგანიზაციისა და ვებგვერდის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. EV SSL სერთიფიკატების გაცემას ორგანიზაციები VeriSign და Entrust აწარმოებენ. მის მისაღებად საიტის მფლობელმა კომპანიამ უნდა წარადგინოს დომენის მფლობელობის დამადასტურებელი საბუთები, ზუსტი იურიდიული მისამართი და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი სხვა დოკუმენტები.
Firefox-ს ამ სერთიფიკატის სრული მხარდაჭერა 3.0 ვერსიიდან ექნება. ამ ვერსიის გამოშვება წინასწარი ინფორმაციით წელს იგეგმება.