ცხელ ზაფხულს კომპანია Microsoft-მა ცხელი სიახლე შემოგვთავაზა. ეს სიახლე კი გახლავთ ახალი ოპერაციული სისტემის, Windows 8-ის (ეს მხოლოდ მისი კოდური სახელია) დემო ვერსია.
Windows 8 რადიკალური სიახლეა ოპერაციულ სისტემებში და ის სულაც არ გავს იმ Windows-ებს რასაც გასული 25 წლის განმავლობაში ხედავდით და იყენებდით. ამიერიდან სისტემა მთლიანად ორიენტირებულია ე.წ. Touch Screen-ებზე.
საქმე იმაშია რომ თუკი ასეთი რადიკალური ცვლილება თქვენში ცოტა დისკომფორტს იწვევს და ფიქრობთ რომ გაგიჭირდებათ სიახლისთვის ფეხის აწყობა, ეს ასე არ არის. Microsoft-ი გთავაზობთ დეტალურ დახმარებას და ინსტრუქციებს, ამასთანავე სისტემის ინტუიტიურ გარემოს და გაცილებით მეტ სიმარტივეს ვიდრე ეს Windows-ის წინა მორბედ ვერსიებს გააჩნდა..
ძირითადად სისტემის პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა იმის ჩვენებაზე თუ როგორ შეუძლია სისტემას მოერგოს როგორც ტაბლეტებს ასევე ტრადიციულ-სტანდარტულ პერსონალურ კომპიუტერებს. ახალი Touch სისტემა გთავაზობთ ხელის მარტივი მოძრაობებით მართოთ, გაუშვათ და გამოიყენოთ ასევე Touch-ზე ორიენტირებული აპლიკაციები და პროგრამები. ამავდროულად კი შეინარჩუნოთ ძველი Windows-ის ხედიც და ძველებურად გამოიყენოთ Task Bar-ი, ფაილ მენეჯერი, ჩალაგებული იკონკები და ა.შ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალ სისტემას ექნება HTML 5-ზე და Javascript-ზე დაფუძნებული აპლიკაციებიც, ისეთები როგორიცაა ამინდის პროგნოზი, RSS სიახლეების პანელი და ა.შ.
Microsoft-მა ასევე განაცხადა Internet Explorer 10-ის აქტიურ გამოყენებაზე სისტემაში რომელიც ახლა უკვე დამატებით Touch Screen-ზეა გათვლილი, რაც ბროუზერის ახლებურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
კომპანიის განცხადებით ახალი სისტემა 2012 წლიდან გამოვა ბაზარზე. ამასთან ჯერ დაზუსტებული არაა წლის რომელ ნახევარში იხილავს მომხმარებელი ახალ Windows 8-ს. სავარაუდოდ სექტემბრის თვეში კომპანია გამართავს BUILD კონფერენციას Windows-ის დეველოპერებისათვის სადაც შესაძლოა რელიზის თარიღიც გახდეს ცნობილი.
რას იტყვით, დათმობთ Windows 7-ს? თუ ჯერ კიდევ XP-ზე მუშაობს თქვენი მანქანა?