რამდენი დრო გავიდა! 🙂

PCMania 6th Birthday!

მართლაც და მალე გარბის დრო და მალე იზრდებიან ოდესღაც ახალ დაწყებული პროექტები.

ასე რომ, რაც ამ განვლილი 6 წლის განმავლობაში ვისწავლე, მინდა თქვენც გაგიზიაროთ ამ სტატიის სახით რომელსაც სპეციალურად “3 რჩევა წარმატებისთვის” დავარქვი.

1) არასდროს არ თქვათ უარი საკუთარი იდეის განხორციელებაზე

ზუსტად 6 წლის წინათ, PCMania მხოლოდ იდეის დონეზე მქონდა და არც ვიცოდი საიდან დამეწყო, თანაც ძალიან მაფერხებდა არასაკმარისი ცოდნა რაც პროექტის წამოსაწყებად იყო საჭირო. თუმცა ვინაიდან სურვილი და ნებისყოფა არ დავზოგე და ერთ დროს საოცნებო პროექტზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე, შედეგმა არ დააყოვნა და პროგრესიც ძალიან სწრაფად წავიდა.

თავიდან ვებსაიტის კეთებაც არ ვიცოდი, ვკითხულობდი “კომპინფოს” ონლაინ ჟურნალებს და სურვილი მწვავდა მეც ასეთი სტატიები მეწერა, მეც გამომექვეყნებინა კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე კვლევები, რჩევები, განხილვები და ა.შ.

მახსოვს ყველაფერი Web Page Maker  -ით დაიწყო. ამ პროგრამის საშუალებით ძალიან მარტივი იყო HTML გვერდების აწყობა და მერე მათი ერთმანეთთან შეკოწიწება. ონლაინ სერვისებიდან (როგორიც თუნდაც აწ გარდაცვლილი Piczo.com იყო) დაგროვილი გამოცდილებით, პროგრამის მართვა გამიადვილდა თუმცა უკვე გარენდერებულ გვერდებს როგორ მოვქცეოდი ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. მაშინ გავიგე ზუსტად ჰოსტინგის და დომენის დანიშნულება. თავიდან განათლების სამინისტროს პროექტ “ირმის ნახტომი”-ს ფარგლებში შექმნილ სერვერებზე განვათავსე საიტი, შემდეგ უფასო დომენი დავამატე (pcmania.at.tt), ხოლო ამის მერე მამის დახმარებით “კავკასუს ონლაინში” .Ge დომენი და უფასო ჰოსტინგიც მერგო და საიტმა ფრთები გაშალა.

დროთა განმავლობაში გავეცანი HTML, CSS, PHP, MySQL პროგრამირებას. თუმცა, სურვილის მიუხედავად ჩემით საიტის ძრავა აღარ დავწერე.  აღმოვაჩინე რა WordPress-ის მზა ძრავა,  პროგრამირებაში მიღებული ცოდნით გამიადვილდა მზა დიზაინების ჩემ საჭიროებებზე მორგება,  რამაც საბოლოოდ PCMania-ს დღევანდელი სახე მისცა.  პარალელურად კი რა თქმა უნდა საინფორმაციო ტექნოლოგიებში შეძენილი ცოდნის გამოქვეყნების პროცესი მიმდინარეობდა.

თუმცა მაინც, განხორციელების პროცესი ბევრად მეტ დეტალს მოიცავდა ვიდრე აქ აღწერა შემიძლია და გზაშიც ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვდა.

და რა მოიტანა ამ ყველაფერმა?

  • უამრავი მეგობარი! დაწყებული აქტიური ბიზნესმენებიდან დამთავრებული შენი გულშემატკივარი მკითხველებით.
  • არაერთი სამსახური, ყოველ ჯერზე ანაზღაურების მზარდი რაოდენობით.
  • დაკვეთილი რეკლამიდან მიღებული შემოსავალი ან თუნდაც შენთვის სასარგებლო ბარტერული შეთანხმებები.
  • მცირედი თუმცა საკმარისი პოპულარობა, შენი იდენტურობა სფეროში და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებში გაწევრიანება.
  • ბლოგერობის სტატუსიდან მიღებული სარგებელი – კონფერენციები, ვიზიტები, შეკრებები, ექსკურსიები და სხვ.
  • ვერცხლის მედალი მსოფლიო IT პროექტების ოლიმპიადაზე და გამგზავრებისთვის მიღებული 2000 ევრო დაფინანსება “კავკასუს ონლაინისგან”!
  • უამრავი ვიზიტორი (ბოლო 3 წლის განმავლობაში 385,000-ზე მეტი ვიზიტი)
  • უამრავი შემოთავაზება, მოწვევა და რაც მთავარია იმ ადამიანების გაცნობა ვინც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.
  • კიდევ ძალიან ბევრი ბევრი წვრილმანი რამ, რაც ერთობლიობაში აღებული საკმაოდ მსხვილი შედეგია…

 

ამიტომ 6 წლის შემდეგ, არც ისე ადრე თუმცა არც ძალიან გვიან გეუბნებით რომ თქვენ არასდროს, არასდროს არ უნდა თქვათ თქვენი “შემაწუხებელი” იდეის ხორცშესხმაზე უარი. ის სწორედ იმიტომ “გაწუხებთ” რომ ინტუიცია გიგრძნობთ რა დიდი სიამოვნება გელით თუ თქვენ მას განახორციელებთ, მიუხედავად იმისა რომ, შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ საერთოდ ისეთი რაღაცეები მიიღოთ იმ იდეის განხორციელების შედეგად – რაც ჩემს შემთხვევაშიც მოხდა.

2)  გაეცით და გაუზიარეთ ცოდნა,  ეს წარმატების ერთ-ერთი მყარი საფუძველია!

როგორ ფიქრობთ რისი შედეგი იყო ზემოთ მოყვანილი ყველაფერი ?

განა ვებ პროგრამირების ენების შესწავლამ მომცა შედეგები?!  ან თუ თქვენ ვების საკითხები გესმით, ძნელია კი WordPress-ის ბაზაზე მსგავსი ვებსაიტი ააწყო?!

არა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მცოდნესთვის ძალიან მარტივიცაა და საერთოდ არაფერ შუაშიც შედეგებთან, გარდა იმისა რომ სწორედ ვებსაიტის სახით მოხდა ჩემსა და ხალხს შორის ურთიერთობის ხიდის გადება. რაც არ უნდა ზე მაღალ დონეზე ან ზე მარტივად ყოფილიყო აწყობილი, სწორედ ის იყო ინსტრუმენტი ადამიანსა და აუდიტორიას შორის კომუნიკაციისთვის.

და ამ შემთხვევაშიც მინდა მიხვდეთ რომ სრულიად საკმაირისია მარტივი, სადა და ზედმეტი “ნავაროტკების” გარეშე პლატფორმა რომ თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ. ნუ შეიქმნით ილუზიას რომ ურთულესი და უძლიერესი სისტემები და ინვესტიციებია თქვენი იდეების განხორციელებისთვის საჭირო. არა,  ამისთვის პირველი და თუნდაც მოკრძალებული ნაბიჯიც საკმარისია. მთავარია ეს ნაბიჯი მტკიცედ და მძლავრად გადაიდგას, დანარჩენს ინერცია მოიტანს.

რეალურად შედეგი რამაც მოიტანა ეს იყო ცოდნის გაცემა!

მე იმ უბრალო ნაბიჯით რომ რაც ვიცოდი დავწერე და გამოვაქვეყნე – საჭირო, სასარგებლო და მკითხველისთვის საინტერესო კონტენტი შევქმენი, რაც მომენტალურად აისახა მკითხველის ჩემს მიმართ შეხედულებაზე.

სწორედ ამიტომ მოუნდა მას კომუნიკაციის დამყარება, რაღაცის შემოთავაზება, რაღაცაში გადახდა, დაფინანსება, სწორედ ამიტომ აიღო პროექტმა ვერცხლის მედალიც და სწორედ ამიტომ ყავს დღესაც, ჩემთვის ყველაზე დატვირთულ და საიტისთვის შედარებით ინაქტიურ პერიოდშიც ბევრი ვიზიტორი და მკითხველი.

გასცე ცოდნა ნიშნავს  იყო ყოველგვარი შურისგან განთავისუფლებული, მასწავლებელი, შენი გარშემო მყოფების მოყვარე, მეგობარი, კეთილის მსურველი, ქველმოქმედი და სამაგალითო სხვებისთვის.

შეიძლება მკვეთრად შეამჩნიოთ ან საერთოდ ვერ შეამჩნიოთ ერთ ადამიანზე გაცემული ცოდნის ფასი, მაგრამ გადაამრავლეთ იმ ვიზიტორების რაოდენობაზე რაც თუნდაც PCMania-ზე შემოსულა და მიხვდებით რომ ოდნავი შანსიც არ რჩება რომ ეს ყველაფერი რამე კარგში, გასახარში ან პირდაპირ წარმატებაში არ აისახოს.

3)  არ გაჩერდეთ, იარეთ წინ და უკან მხოლოდ გამოცდილებისთვის მოიხედეთ!

მე შეცდომა დავუშვი როდესაც არა 200 და 300 არამედ 1000 პოსტი არ გამოვაქვეყნე და სამჯერ მეტი არ ვიშრომე ცოდნის გასაზიარებლად, თითქოს ამით PCMania-მაც ნაკლებად აქტიურის სტატუსი შეინარჩუნა და სინამდვილეში მეტის მიღწევის პოტენცია არ იქნა გამოყენებული.

თუმცა მეორეს მხრივ ცოტა სხვა გზით ვიზრუნე განვითარებაზე.  მე შევქმენი სამეცნიერო-ტექნოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია fx სადაც სხვა პროექტებთან ერთად PCMania-ზეც სერიოზულად მიდის ზრუნვა მომავალი სტრატეგიების დაგეგმარებაში.

ბოლო წლის განმავლობაში საიტი გაიწმინდა არარელევანტური პოსტებისგან, გადაირჩა მხოლოდ სასარგებლო და პოპულარული პოსტები.  გაუმჯობესდა ნავიგაცია როგორც საიტზე ასევე ფორუმზე.

შეიქმნა ანდროიდის  და ვორდპრესის კლუბი სადაც მცოდნეები კიდევ უფრო გამარტივებული პლატფორმით დავეხმარებით მათ ვისაც ვესაჭიროებით. გარდა ამისა თქვენ იცით რომ ფორუმზე ნებისმიერ სხვა საკითხზეც შესაძლებელია დახმარების თხოვნა, შეკითხვის დასმა და ა.შ. რაც აუცილებლად არ დარჩება პასუხგაუცემელი და თუნდაც ჩემგან ექნება პირადად დახმარება გაწეული.

გაიზარდა როგორც ვიზიტორების ასევე ფორუმზე რეგისტრაციების რაოდენობაც.

და რაც მთავარია მიმდინარეობს PCMania-ს როგორც აბსოლიტურად თავიდან გააზრებული (ReImagined) პროექტის შემუშავება რომელიც ამ ბოლო წლებში წამოწეული ტექნლოგოური ტენდენციების და შექმნილი საჭიროებების ღირსეული გამოძახილი იქნება.

PCMania უკვე 6 წელია თქვენს სამსახურშია და კიდევ ძალიან დიდხანს ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი ვებ-რესურსი იქნება!

რაც ნიშნავს რომ ჩვენ არ ვჩერდებით და არც თქვენ გაჩერდეთ: როგორც ჩვენი მკითხველი, როგორც აქტიური მოქალაქე და როგორც საკუთარი იდეების ერთგული ადამიანი.  გადახედეთ წარსულ შეცდომებს, მიღებულ გამოცდილებას, შეაჯერეთ ცოდნა და აიღეთ გეზი წინ, გარდაუვალი წარმატებისკენ!

ვულოცავ პროექტ PCMania-ს 6 წლის იუბილეს!
 დევი ფირცხალაიშვილი