ბრაუზერი ალბათ ერთერთი ყველაზე გამოყენებადი პროგრამაა თქვენს კომპიუტერში. ამ სტატიაში მოცემულია სხვადასხვა რჩევები თუ როგორ ააჩქაროთ მოქმედებები და დაზოგოთ დრო ბრაუზერის გამოყენებისას.

სამჯერ კლიკი აბზაცის მოსანიშნად

იცოდით რომ ტექსტური აბზაცის მთლიანად მოსანიშნად საკმარისია ამ აბზაცში შემავალ ნებისმიერ სიტყვაზე მაუსის მარცხენა ღილაკით სამჯერ სწრაფად დაჭერა. შეგიძლიათ ამ აბზაცზევე გატესტოთ ეს მეთოდი.

ეს მეთოდი მუშაობს უმეტეს ბრაუზერებში.

CTRL+F5 – გეხმარებათ გვერდის თავიდან ჩატვირთვაში

ბროუზერი თავის ლოკალურ მახსოვრობაში (Cache-ში) ინახავს ყველა იმ წვრილმანს (სურათები, ღილაკები, ტექსტები) რაც საიტზეა განთავსებული, იმისათვის რომ საიტის მეორედ გახსნისას ყველაფერი უფრო სწრაფად ჩაიტვირთოს. ზოგჯერ არის შემთხვევა რომ საიტზე რაღაც ცვლილება ხდება მაგრამ ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო ეს ჩვენ ბროუზერში არ აისახება ხოლმე.

ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ “წაშალე ბროუზერის Cookie-ები და Cache-ი და გადატვირთე გვერდი” – რაც გვეხმარება გვერდი თავიდან ჩავტვირთოთ ლოკალურად დამახსოვრებული ინფორმაციის გარეშე და შესაბამისად დავინახოთ გვერდზე მომხდარი ცვლილებები. დამეთანმხებით ამ პროცედურას დრო მიაქვს რადგან ჯერ უნდა იპოვოთ გზა მახსოვრობის გასაწმენდად და შემდეგ კი გვერდი გადატვირთოთ.

როგორც ალბათ უკვე ვიცით ღილაკი [F5] გვეხმარება გვერდის გადატვირთვაში (იგივე Refresh-ში), მაგრამ თუ ამ რეცეპტს წინ დავუმატებთ ღილაკს [Ctrl], მივიღებთ კობინაციას [Ctrl]+[F5] რომელიც წაშლის ლოკალურ მახსოვრობაში არსებულ ჩანაწერს საიტის შესახებ და გვერდს მთლიანად თავიდან ჩატვირთავს. ამ გზით დიდ დროს დაგიზოგავთ.

იგივე ეფექტი აქვს თუკი დააჭერთ [Shift] ღილაკს და ამაზე ხელის აუშვებლად მაუსით მიაჭერთ Refresh-ის ღილაკს ბრაუზერში.

ასევე ალტერნატიული ღილაკების კომბინაციაა [Ctrl] + [Shift ]+ [R] ვინდოუსზე ან [⌘ Command] + [Shift ]+ [R] მაკზე.

CTRL+H – დათვალიერების ისტორიის გადასახედად

ამ კომბინაციით თქვენ სწრაფად შეგიძლიათ გამოიტანოთ ბროუზერის ისტორიის განყოფილება რომელშიც სრულად იქნება ასახული რა დროს რა ვებგვერდი მოინახულეთ. შეიძლება ეს ხშირად გჭირდებოდეთ რომელიმე ვებგვერდის გასახსენებლად..

მაკზე გამოიყენეთ [⌘ Command] + [Y] – ქრომზე და საფარიში.

ტაბებს შორის ნავიგაცია ნომრის მიხედვით

თითოეული “ტაბი” რომელიც გახსნილი გაქვთ თქვენს ბროუზერში ითავსებს გარკვეულ რიგითულ ნომერს რომლის მიხედვითაც კლავიატურის გამოყენებით შეგვიძლია მივაგნოთ მას.

მაგალითად თუ ამ წუთას იმყოფებით პირველ ტაბზე და გადასვლა გინდათ მეოთხეზე, შეგიძლიათ უბრალოდ დააწვეთ კომბინაციას [Ctrl]+[4] და დაზოგოთ დრო მაუსის გამოყენების გარეშე. მაკზე გამოიყენეთ [⌘ Command] + [4].

ტექსტის ძებნა ვეგვერდზე

ყველასათვის ცნობილი [CTRL]+[F] ან [⌘ Command] + [F] ღილაკების კომბინაცია გვეხმარება ტექსტის ძებნაში მოცემულ ვებგვერდზე.

არის შემთხვევა როცა საძიებო “სიტყვა” სხვადასხვა აბზაცში გვჭირდება ხოლმე, ამ დროს ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ ძიების ველში გამოტანილ ისრებს რომელიც გვახტუნებს წინ/უკან მოძებნილ სიტყვებზე. რომ არ იწვალოთ მაუსით და დროც დაზოგოთ გამოიყენეთ ღილაკი [F3] რომელიც იგივეს აკეთებს რასაც თქვენს ბრაუზერში არსებული [Next] ღილაკი.

თუკი უკან დაბრუნება გინდათ [Shift]+[F3] , [Previous]-ის ფუნქციას შეასრულებს.

და კიდევ სხვა…

იმედია გამოსადეგი კომბინაციები შეისწავლეთ. პრაქტიკაში ნელნელა მიეჩვევით და დროთა განმავლობაში მიხვდებით რომ ბევრად უფრო მეტ დროს დაზოგავთ ამ მეთოდების გამოყენებით.

დამატებითი ღილაკების კომბინაციების შესასწავლად ეწვით მოცემულ ლინკებს ბრაუზერისდა მიხედვით: Google Chrome, FireFox, Safari, Opera